მთავარისაქართველო„მართლა ძალიან ძვირია ყველაფერი, ნამდვილად გაუსაძლისია უკვე“ - ინფლაცია საქართველოში

„მართლა ძალიან ძვირია ყველაფერი, ნამდვილად გაუსაძლისია უკვე“ – ინფლაცია საქართველოში

საქართველოში ინფლაცია იმატებს. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 13,9 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეთა ხარჯები კიდევ უფრო გაიზარდა. საქსტატის  2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, სურსათი 15 პროცენტით გაძვირდა, ტრანსპორტის ხარჯმა 17 პროცენტით მოიმატა. კომუნალურ ხარჯებზე კი 43-პროცენტიანი მატებაა. მოქალაქეები ამბობენ, რომ სულ უფრო მეტად უჭირთ საკვები პროდუქტების შეძენა და მათი ცხოვრების პირობები ინფლაციის ფონზე სულ უფრო უარესდება.

ბაზარში ფასები თითქმის ყოველდღიურად იცვლება – ძვირდება ხილი, ბოსტნეული, ხორცი. ზოგიერთისთვის მწვანილიც ძვირია. მოქალაქეებს სულ უფრო მეტად უჭირთ საკვები პროდუქტების შეძენა. აქ დიდი ხანია ხალხმრავლობა აღარ არის – მოვაჭრეები ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში ელოდებიან მყიდველს. მყიდველს, რომელიც უმეტესად არაფერს ყიდულობს…

„ყველაფერზე მომატებულია ფასი. მართლა ძალიან ძვირია ყველაფერი. ნამდვილად გაუსაძლისია უკვე“ – ამბობს მომხმარებელი, თბილისის ცენტრალურ ბაზარში.

„ყველაფერი გაძვირებულია. კარტოფილი ღირდა 50 თეთრი დღეს 2 ლარია. ბადრიჯანი ღირდა 2 ლარი, დღეს 8 ლარია. აბა როგორ იყიდიან?“ – ამბობს თბილისის ცენტალური ბაზრის მოვაჭრე.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ფასი გაორმაგდა ან გასამმაგდა. გაძვირდა პროდუქციის ტრანსპორტირებაც. შესაბამისად, ყოველ ჯერზე მომხარებლებისთვის იმის ახსნა უწევთ, რომ პროდუქტი მათ გამო არ გაძვირებულა, და რომ ამ ფასებს ისინი არ განსაზღვრავენ.

„აბა როგორ უნდა იყიდონ? რაღაც ღირდა 20 ლარი, ახლა 50 ლარია. ან ჩვენ როგორ უნდა გავყიდოთ? კლიენტმა როგორ უნდა იყიდოს? ხალხი ცოდო არ არის, ერთი პატარა ჭიქა სუნელი რომ 3 ლარში მივცე? ძალიან ცუდად მიდის საქმე… ნიორი 5 ლარი ღირდა, ახლა 10 ლარი, 12 ლარი, ხან 15 ლარია.

ზოგ კლიენტს ჰგონია, რომ მე ვაძვირებ. მე კი არ ვაძვირებ, თვითონ საქონელია გაძვირებული. ტრანსპორტირება გაძვირდა. მუშას ამოტანაში თუ 1 ლარს ვუხდიდი, ახლა 2 ლარს ვუხდი, იმასაც ხომ ფული უნდა. საქონლის თვითღირებულებაც გაძვირებულია. რაც ადრე გვრჩებოდა, იმდენი რა თქმა უნდა, არ გვრჩება. ბევრს როცა ყიდულობდნენ მეტი მოგება გვრჩებოდა. ახლა ცოტას ყიდულობენ და მოგებაც ნაკლებია. რა ვქნათ, ასე ვართ“ – ამბობენ მოვაჭრეები, რომლებიც წლებია თბილისის ცენტრალურ ბაზარში პროდუქტს ყიდიან.

„რა პროდუქტსაც არ უნდა დაადო ხელი, ყველაფერი გაძვირებულია. ყველი, პატარა ნაჭერი 10 ლარი ღირს.

ფასები ძალიან შეცვლილია. 2 ლარი რომ ღირდა, ახლა 4 ლარი ღირს. ზეთიც, ყველა პროდუქტი… რასაც ვყიდულობ, ყველაფერი გაძვირებულია“ – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც ბაზარში სულ უფრო ნაკლებ პროდუქტს ყიდულობენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ზეთის ფასმა 24 პროცენტით მოიმატა. ბოსტნეული და პური 20 პროცენტით გაძვირდა. შაქარი და ტკბილეული 19-ით. თევზის ფასი 16 პროცენტით გაიზარდა. ყველის ფასმა 15 პროცენტით მოიმატა. ხილის და ხორცის ფასი კი 10 პროცენტით გაიზარდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2021 წელს 64 პროცენტით გაუძვირდათ მოქალაქეებს კომუნალური ხარჯები – წყალმომარაგება, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

რაც შეეხება ტრანსპორტსა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს – ამ შემთხვევაში მატება თითქმის 25 პროცენტია და ეს მხოლოდ 2021 წლის ბოლო მონაცემებია.

მოქალაქეებს წელსაც მოუწევთ თავიანთი მცირე შემოსავალი საკმაოდ გაზრდილ ხარჯებს მოარგონ.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend