ევროპის ქვეყნებში ომიკრონ ვარიანტი რეკორდულად ვრცელდება.
სამშაბათს საფრანგეთში კორონავირუსის 500 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საავადმყოფოებში გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება.
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის საპასუხოდ, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულებისთვის თვით- იზოლაციის პერიოდი 14-დან 7 დღემდე შემცირდა.
ომიკრონი სწრაფად ვრცელდება რუმინეთშიც. ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა. ქვეყანა პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის. რუმინეთი ევროკავშირში მეორე ქვეყანაა, რომელშიც ყველაზე ნაკლები აცრილი მოქალაქეა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობა მოსახლეობის 40%-ს შეადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს მსოფლიოში ვაქცინაციის განსხვავებული მაჩვენებლის გამო. ექსპერტების აზრით, შესაძლოა პანდემია ყველაზე ცუდი შედეგით დასრულდეს, თუ ყველასთვის თანაბრად არ იქნება ხელმისაწვდომი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა.
“პანდემიას წელს ჩვენ ვერ დავასრულებთ და შესაძლოა, არც არასდროს დასრულდეს. ეს ვირუსები – პანდემიური ვირუსები – ეკოსისტემის ნაწილი ხდება. რისი გამოსწორებაც შეგვიძლია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობაა”, – განაცხადა ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა.
ევროპის ქვეყნებში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება. დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა კომპანიას აქვს უფლება, სამსახურიდან გაათავისუფლოს ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე ან არ წარადგენენ კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს.