ქალაქ ქარაქოშში სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმული ადგილობრივები შობის მოახლოებას აღნიშნავენ. ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანია. ქრისტიანები ერაყში პირველი საუკუნიდან დასახლდნენ. მათი უმრავლესობა ასურული, ქალდეური, სირიული ან სომხური ეკლესიის მიმდევარია.
2014 წელს ახლადშექმნილმა ისლამურმა სახელმწიფომ განსხვავებული რელიგიების მიმდევრების მიმართ ომი გამოაცხადა, რამაც არაერთი ქრისტიანის სიცოცხლე შეიწირა. ომის შედეგად რეგიონი ბევრმა დატოვა, თუმცა ნაწილი სამშობლოში ომის დასრულების შემდეგ კვლავ დაბრუნდა.
„ხალხი დაბრუნდა, თუმცა ყველა არა. ბევრი ადამიანი უცხოეთში გაიქცა. სახლში ალბათ დაახლოებით 40-50 პროცენტი დაბრუნდა. ადრე შობის პერიოდში ქუჩები სავსე იყო ხალხით“, – იხსენებს ადგილობრივი რანი ბასემი.
2003 წლის ამერიკის სამხედრო თავდასხმამდე ერაყში მილიონნახევარი ქრისტიანი ცხოვრობდა. 20 წლიანი მუდმივი კონფლიქტის შემდეგ მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
„ვგრძნობთ თუ არა თავს დაცულად ერაყში? რაღაც დონეზე კი. მიუხედავად ამისა, ქრისტიანებს ხშირად ჩაგრავენ სამხედროები, ქურდები და კორუმპირებული პოლიტიკოსები. ისინი ჩვენს სახლებს იტაცებენ. ერაყული ბიუროკრატიის გამო კი საკუთარ უფლებებს ვერ ვიცავთ“, – ყვება მღვდელი ნადერ დეკო.
მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ერაყელი ქრისტიანები კვლავ აგრძელებენ საკუთარ სამშობლოში ცხოვრებასა და ტრადიციების შენარჩუნებას.