„ერთი ბავშვი დაიბადა მარტო. ომის მერე, მთელი 11 წლის განმავლობაში ის ერთი ბავშვი დაიბადა, მეტი არა“, – ამბობს ერგნეთელი გულო ჩლაჩიძე.
წლის ამ პერიოდში სახლების უმეტესობა ცარიელია. აქ იშვიათად შეხვდებით ახალგაზრდას. ერგნეთში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ. ზამთარში მათი ნაწილიც ტოვებს სოფელს და აქაურობა უკაცრიელი ხდება.
„აბა გახედეთ აქაურობას, ადამიანს ვერ დაინახავთ, სახლთან რომ მიხვალ შეიძლება მოხუცებულმა ვინმემ გამოიხედოს და დაგეხმიანოთ. ადრე სიცოცხლე ჩქეფდა ამ სოფელში, ეხლა რასაც ვერ ვიტყვი. ქუჩაში რომ გახვიდოდი, გამარჯობის თქმას ვერ ავუდიოდით. ეხლა გიხარია ადამიანს რომ დაინახავ”, – წუხს მზია ჩლაიძე.
„წარმოიდგინეთ, ჩემი უბნიდან ოთხი ბავშვი დადის მხოლოდ და მხოლოდ სკოლაში. ეს არის კატასტროფა, ეს არის სოფლის დემოგრაფიული სიკვდილი, როდესაც ბავშვები არ იბადებიან, ბავშვის გამჩენი ქალი აღარავინ დარჩა ჩვენს უბანში და სოფელში ძირითადად. ჯერ ერთი ასაკიანები არიან და მეორე ახალგაზრდებსაც ეშინიათ ბავშვის გაჩენა, იმიტომ, რომ მომავალი არ იციან როგორი იქნება. სახლებს ბოლომდე არ არემონტებენ აქ მაცხოვრებლები, იმიტომ რომ ვაი თუ ისევ იყოს… ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ ეს ნგრევა და უბედურება“, – ამბობს ლია ჩლაჩიძე.
ნგრევა ბოლოს 2008 წელს ნახეს. სოფელი ერგნეთი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელში 160 სახლი გადაწვეს და 12 ადგილობრივი მოკლეს. აქ ომის კვალი 13 წლის შემდეგაც შესამჩნევია.
„2008 წლის ომის შემდეგ ასე დაიწვა ეს სახლი. დაწვეს, სპეციალურად დაწვეს. კადრებიც არის ჩვენს ეზოში რომ შემოვიდნენ, გადაღებული კადრებიც არის და მერე ცეცხლი მოუკიდეს. ძაღლი გვყავდა და ისიც სარდაფში იყო მკვდარი. კარაბინის ტყვიით იყო მოკლული. ჩემმა შვილმა ცარიელი მასრა იპოვა აქ…“ – იხსენებს გულო ჩლაჩიძე.
„მახსოვს, შვიდში ღამით გამოვედი… შვიდი რიცხვი თენდებოდა, 7 აგვისტო. ცას რომ ავხედე, უკვე თენდებოდა, 5 საათი იყო. ადგილი არ იყო, ტრასირებული ტყვიები აქედან და იქედან, ორივე მხრიდან მიდიოდა. სულ წითლად იყო შეღებილი ცა. უკვე გასაგები იყო, რომ ომი იწყებოდა, მაგრამ ხალხს მაინც არ სჯეროდა. იმდენად, რომ არც კი წასულან, არც გახიზნულან აქედან“, – ამბობს მზია ჩლაიძე.
ადგილობრივების თქმით, სოფლის დაცლა საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების შიშმა კი არ გამოიწვია, არამედ იმან, რომ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ იყო.
„შიშით არ ეშიანიათ, პირობები არ არის, ზამთარია და ცივა. ქალაქის გემოს რომ გაიგებენ, ზოგს არ უნდა ხოლმე აქეთ დარჩენა. თავი როგორ გაგვაქვს და ვშრომობთ, მოგვყავს ცოტა-ცოტა რაღაც-რაღაცები, იმდენი რომ წლიდან წლამდე ვიმყოფინოთ. უშრომელად არაფერი მოდის, თუ არ იშრომე, ისე არაფერი მოვა“, – მიიჩნევს გულო ჩლაჩიძე.
„ამ ოჯახის მაცხოვრებლები ცოტა ხანში წავლენ, ზამთარს აქ არ გაატარებენ. ეს ქალბატონიც ვინც აქ ცხოვრობს, ესეც ორ დღეში წავა. ის ქალბატონიც წავა თბილისში. ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ ჩემი სახლის ირგვლივ 11 სახლია მიტოვებული ზამთრის პერიოდში“, – წუხს ლია ჩლაჩიძე.
„ჩვენს გარშემო მამაკაცებიც აღარ არიან იცით. აი ამ მხარეს, ჩვენს კუთხეში აღარავინ აღარ არის. ძნელია ახლა აქ ცხოვრება, ძნელია. ახალგაზრდამ რა უნდა გააკეთოს?! შემოსავალი რა არის. ვენახები ჰქონდათ არხის იქეთა მხარეს, ლიახვის ხეობაში. იქაც ვეღარ ჩადის ხალხი…“ – ამბობს მზია ჩლაიძე.
ერგნეთს რამდენიმე დღეში მზია ჩლაიძეც დატოვებს. მისი სახლი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. აქედან ცხინვალი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
ეს არის ერგნეთი, საოკუპაციო ხაზი, ჩვენი მისამართი დღეს ასეთია, ერგნეთის საოკუპაციო ხაზი! – ამბობს მზია ჩლაიძე.
გიორგი ბოლქვაძე