მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საჯაროდ პირველად ისაუბრა

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საჯაროდ პირველად ისაუბრა

საქართველოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს, 29 ნოემბერს პირველად მიეცა საშუალება, რომ საჯაროდ ელაპარაკა. მისი სიტყვა ერთსაათიანი იყო, თუმცა ბრალდების მხარემ რამდენჯერმე გააწყვეტინა.

ბრალმდებელთა შენიშვნები ეხებოდა მესამე პრეზიდენტის სიტყვის ხანგრძლივობას და ხშირ შემთხვევაში შინაარსსაც. პროკურორები ამბობდნენ, რომ ის საკითხები, რაზეც მესამე პრეზიდენტი საუბრობდა არ ეხებოდა კონკრეტულ საქმეს, რომელიც დღეს სასამართლოში განიხილებოდა. პროკურორების პოზიცია არ გაიზიარა სასამართლომ. იყო სიტყვიერი შელაპარაკებებიც, თუმცა სასამართლომ მესამე პრეზიდენტს საშუალება მისცა, ბოლომდე ეთქვა სათქმელი, რადგან, როგორც მოსამართლემ განმარტა, წლების განმავლობაში, მათ უწევდათ ამ საქმის განხილვა ბრალდებულის გარეშე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თითქმის ერთ საათს გრძელდებოდა. დღეს მან უარყო ყველა ბრალდება, რაც წაყენებული ჰქონდა, თუმცა ასევე განაცხადა:

„ამავე დროს, როცა ვყვები ჩვენს წარმატებებზე, უნდა ვთქვა გვქონდა თუ არა შეცდომები? საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

თავის სიტყვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერს შეეხო, თქვა, რომ ამ პროცესს საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, მართავდა. რომ თავად ამ პროცესს ტელევიზორით უყურებდა და არავისთვის დირექტივა არ მიუცია.

„რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს 7 ნოემბრის, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი და შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს, ეს ერთი. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი პირდაპირი მოწოდებით?“, – აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა.

„ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები. 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი გავიგე, თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება. იქიდან გავიდა კიდე 6 თვე და მოსამართლემ, 2-მა სხვადასხვა მოსამართლემ, გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი ახლა მოსამართლეებს მე პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხნო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული? მართლა ყველაფერს ხომ აქვს რაღაცა“, – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაიხსენა, როგორ გადაიყვანეს რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. როგორც თავად მოჰყვა, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანისას, მანქანიდან იგი ძალით გადმოიყვანეს.

„როცა მე ვუთხარი, რომ არ გადმოვალ მანქანიდან, მიმაჩნია ეს უკანონობად, ვითხოვ უკან – მეთორმეტე დაწესებულებაში დაბრუნებას, იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაციით გლდანის დაწესებულება არ აკმაყოფილებდა არც ერთ მოთხოვნას, გარდა იმისა, რომ იქ იყო კრიმინალები და კრიმინალებს შეეძლოთ მორალური ტერორი. ძალით გადმომათრიეს მანქანიდან. როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა, ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობა. ეს არ იყო პალატა, ეს იყო საკანი, სადაც საწოლი იდგა, ზარიც არ იყო რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმე გამომეძახებინა, მაგალითად, გონების დაკარგვის შემთხვევაში. მთელი დღის განმავლობაში მესმოდა ჩემი გინება და მუქარები. ეს იყო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც თითქმის 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა, არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირსპირებაც საქმის პროკურორებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს შორის. ბრალდების მხარეს სურდა, სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლოს რეგლამენტით განესაზღვრა, თუმცა პროკურორებმა მოსამართლეებისგან უარი მიიღეს.

„20 წუთია ვისმენთ და ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საქმეზე. იქნებ სასამართლომ შეახსენოს, რომ ბატონი მიხეილი პრეზიდენტის სტატუსით არ გამოდის და ის ბრალდებულის სტატუსით იმყოფება აქ. მგონი, 20 წუთი მიმართვის გონივრული დრო იყო რამდენი ხანი შეიძლება ვუსმინოთ აბსოლუტურად სხვა გარემოებებზე, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულ განცხადებებს?“, – აღნიშნა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა.

„მხოლოდ 20 წუთი ეყოთ პროკურორებს საიმისოდ, რომ მოესმინათ ეს მართლაც ისტორიული სიტყვა. დარწმუნებული ვარ, აქ წარმოდგენილ პროკურორებს კიდევ უფრო ღრმად აინტერესებთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვის შემდგომი ნაწილი, მაგრამ, ალბათ, უთხრეს, რომ მანდ იმიტომ კი არ ხართ, რომ ბრალდებულს მხარი დაუჭიროთ, იმიტომ ხართ, რომ მოაწყოთ დესტრუქცია“, – თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

„ჩვენ ამ წლების განმავლობაში დაუსწრებლად ვიხილავდით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. ძალიან ბევრი პროცესი გვაქვს ჩატარებული, ბევრი მოწმე გვყავს დაკითხული საათობით და ბევრი კითხვები გვაქვს მოსმენილი. ის პირველად წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე საქართველოში და მას აქვს უფლება განცხადების გაკეთების და ბრალთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირების“, – განაცხადა მოსამართლემ, ნინო ელიეშვილმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, ექიმების რეკომენდაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასამართლო სხდომა მან შესვენების გამოცხადების შემდეგ დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სხდომა 17:00 საათამდე გაგრძელდა და დღევანდელი პროცესი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარეშე დასრულდა.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend