ბელარუსისა და პოლონეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტები მძიმე პირობებში იმყოფებიან. მიგრანტები ბელარუსში იმ დაპირების საფუძველზე ჩავიდნენ, რომ მათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოხვედრის შესაძლებლობა ექნებოდათ.
პოლონეთისა და მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიგრანტები ევროკავშირის საზღვართან ლუკაშენკას რეჟიმმა მიზანმიმართულად ჩაიყვანა. მინსკი ამ გზით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დესტაბილიზაციას ცდილობს, ლუკაშენკას რეჟიმს მიგრანტების გამოყენებით მისი ადმინისტრაციისათვის ბრიუსელის მიერ სანქციების დაწესებისათვის სამაგიეროს გადახდა სურს.
ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ მის სახელმწიფოს პოლონეთთან დაპირისპირება არ სურს, მაგრამ ამავე დროს სურს, რომ ევროკავშირმა მის საზღვრებთან თავმოყრილი 2 ათასამდე მიგრანტი შეიფაროს.
„ჩვენ პოლონელებს ხმა უნდა მივაწვდინოთ თითოეულ პოლონელს და დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ბარბაროსები არ ვართ. ჩვენ დაპირისპირება არ გვსურს, ჩვენ დაპირისპირება არ გვჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ თუ კრიზისი არ განიმუხტება, ომი გარდაუვალია და ეს კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ არ გვსურს კრიზისის გაღრმავება, მაგრამ მიგრანტების დასახმარებლად ყველა ღონეს ვიხმართ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ.
ალექსანდრ ლუკაშენკამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მის სახელმწიფოსა და პოლონეთს შორის საზღვარზე თავმოყრილი 2 ათასამდე მიგრანტის შეფარებისკენ მოუწოდა. ბერლინში ეს იდეა დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს.
„მოწოდება იმასთან დაკავშირებით რომ გერმანიაში მოხვედრის მიზნით მიგრანტებისათვის ჰუმანიტარული კორიდორი შეიქმნას, როგორც ჩვენი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე განაცხადა,როგორც ჩვენთვის ასევე ევროკავშირისათვის მიუღებელია“, – ამბობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პრესმდივანი შტეფან ზაიბერტი.
პოლონეთის პრემიერ – მინისტრი მატეუშ მორავიეცკი კი აცხადებს, რომ სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი მიგრანტთა კრიზისი შესაძლოა ცუდი მოვლენების წინაპირობა გახდეს.