ბევრი ავღანელი, რომლებსაც ერთ დროს სტაბილური შემოსავალი ჰქონდათ, ახლა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მათ არ იციან, როგორ უნდა მოიპოვონ საკვები.
ავღანეთის ეკონომიკა წინა მთავრობის პირობებშიც მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა სიტუაცია კოვიდპანდემიისა და გვალვის შედეგად კიდევ უფრო გაუარესდა, რამაც საკვების ფასების ზრდა გამოიწვია.
მას შემდეგ, რაც აგვისტოში ხელისუფლებაში „თალიბანი“ მოვიდა, მსოფლიომ მთავრობის დაფინანსება და განვითარებისთვის აუცილებელი მრავალი პროექტი შეაჩერა, რის გამოც საშუალო ფენის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
როდესაც გაერომ განაცხადა, რომ მილიონობით ადამიანს საკმარისი საკვები არ გააჩნია, მსოფლიო სასურსათო პროგრამამ მრავალი ოჯახის დახმარება გადაწყვიტა.
გასულ შაბათ-კვირას ქაბულის რაიონში, ერთ-ერთ გიმნაზიაში, თანხის მისაღებად ასობით ადამიანი შეიკრიბა. თითოეულ ოჯახს 7000 ავღანი, დაახლოებით $76 დოლარი გადაეცა.
„დონორებს ვთხოვ, რომ საავადმყოფოებს დაეხმარონ და ხელფასები გადაიხადონ, გაზარდონ და განაგრძონ მათი დახმარება, რათა ჩვენ გაჭირვებისგან თავის დაღწევა შევძლოთ“, – ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი ბიბი ანისა.
გასულ წელს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ დახმარება 9 მილიონ ადამიანს გაუწია. წელს ეს რიცხვი თითქმის 14 მილიონამდე გაიზარდა.
მომავალ წელს სააგენტო მიზნად 23 მილიონზე მეტი ადამიანის დახმარებას ისახავს, თუმცა ამისათვის თვეში 220 მილიონი დოლარი დასჭირდება.
„ჩვენ 1000 ოჯახს ველოდებით, თითოეულ მათგანს 7000 ავღანს გადავუხდით. ეს დახმარება ქაბულის მე-14 რაიონში გაიცემა. ჩვენ ჯერ საჭმელი დავარიგეთ, ახლა კი ფულს გავცემთ“, – აცხადებს მსოფლიო სასურსათო პროგრამის საველე ოფიცერი დავუდ ღაზნავი.
შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო დონორები ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარებისთვის ფულს გაეროს სააგენტოების მეშვეობით აგზავნიან, რათა დარწმუნდნენ, რომ ამ თანხას „თალიბანის“ მთავრობა არ მიითვისებს.
საფიულა ხანი 29 წლისაა და მას 5 შვილი ჰყავს.
„დონორებს ვთხოვ, რომ სამომავლოდ დახმარების ოდენობა გაზარდონ. ეს ხალხისთვის ბევრად უკეთესი იქნება, ჩვენც საშუალება გვექნება, ზამთრისთვის გასათბობად საწვავი შევიძინოთ“, – ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი საფიულა ხანი.
გაეროს განვითარების პროგრამა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშთა ფონდი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით, ექიმებსა და ექთნებს ხელფასები გადაუხადონ, რათა ჯანდაცვის სექტორი არ ჩამოიშალოს.
ამავდროულად, მსოფლიო სასურსათო პროგრამა ოჯახებს საკვებითა და ფულადი დახმარებით უზრუნველყოფს.