მაჩუ-პიქჩუ, მაიას ცივილიზაციის საგანძური, ფარაონები და გამყინვარების პერიოდის ნახატები – გამოქვაბულის კედელზე. ეს ყველაფერი National Geographic-მა ერთ წიგნში გააერთიანა, რომელსაც ასე უწოდა: დაკარგული ქალაქები და უძველესი აკლდამები: 100 აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ამ გამოცემას კი ჟურნალის ნოემბრის ნომერი მიუძღვნა. ამ ნომერსაც აქვს თავისი გზავნილი — „არქეოლოგიის 100 საოცრება“. ასეულში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ დმანისის ჰომინიდებს და, რა თქმა უნდა, პომპეის ნაქალაქარს, რომლის ხილვაც სულ ახლახან საქართველოშიც იყო შესაძლებელი.
„როგორც მუზეუმის დირექტორი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ გამოცემაში ასახული მსოფლიოს 100 არქეოლოგიური საოცრებიდან, ორი ნიმუში ახლა ეროვნულ მუზეუმშია. ალბათ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დმანისი მოხვდა და, ალბათ, სულ დარჩება იმ აღმოჩენების გვერდით, რომლებიც ყველამ იცის. National Geographic-ის წიგნში, რომელიც 100 საოცრებას წარმოადგენს, არის ისეთი აღმოჩენები, როგორებიცაა: ფარაონების ოქრო, პირველყოფილი ადამიანების პირველი ნახატები, ტერაკოტას მეომრები ჩინეთიდან და ა.შ. შესაბამისად, მე ვიტყოდი, რომ საქართველო, ალბათ, არის მსოფლიო მეცნიერების, უფრო კონკრეტულად კი, არქეოლოგიის ავანგარდში“, — აცხადებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
დმანისში აღმოჩენილი ნამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ატარებს და გვიყვება, თუ რა გზით დატოვეს ჰომინიდებმა აფრიკა, შემდეგ კი გავრცელდნენ ევროპაში და მის მიღმა. დიდებული პომპეის ექსპოზიცია კი ჰერკულანეუმისა და პომპეის მცხოვრებთა უკანასკნელ წამებზე გვიყვება, სანამ მათ ფერფლი დაფარავდა.
გამოფენის დახურვის ღონისძიებაზე საქართველოში იტალიის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნიკოლა იორიომ აღნიშნა, რომ იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ქართველ დამთვარიელებელს არაერთხელ მიეცა იტალიის უფრო ახლოს გაცნობის საშუალება.
„გამოფენის ფარგლებში, საქართველოში პომპეიში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები პირველად გამოიფინა. ეს არის გაგრძელება იმ ხანგრძლივი თანამშრომლობისა, რომელიც ეროვნულ მუზეუმსა და იტალიის საელჩოს უკვე დიდი ხანია, ერთმანეთთან აკავშირებს. დღეს ასევე არის National Geographic-ის ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დმანისის არქეოლოგიურ ძეგლს, რომელზეც ფლორენციის უნივერსიტეტის გუნდიც მუშაობდა და რომელსაც მხარს იტალიის საელჩო უჭერს. დმანისის აღმოჩენები უმნიშვნელოვანესია სამეცნიერო თვალსაზრისით, რადგან აქ საქმე ეხება აფრიკის გარეთ პირველ ჰომინიდებს“, — აცხადებს საქართველოში იტალიის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ნიკოლა იორიო.
გამოფენა 7 ნოემბერს დაიხურა. ასე დასრულდა პომპეისა და დმანისის შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. თუმცა ამბავი ისევ გრძელდება და მისი გაცნობა ყოველთვის არის შესაძლებელი National Geographic-ის გამოცემებისა და ჟურნალის ფურცლებზე.