მთავარისაქართველო„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხვალ, 14 ოქტომბერს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

თუმცა, ამ აქციას ზოგიერთი ოპოზიციური პარტია არ უერთდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტპატიმარია. მმართველ გუნდში კი ამ მოსაზრებას სპეკულაციად მიიჩნევენ და არგუმენტად მოჰყავთ ის საქმეები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი ან მსჯავრდებულია ან ბრალდებული.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მე-13 დღეა შიმშილობს. . რუსთავის ნომერ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა დღეს კიდევ ერთხელ მოინახულეს. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ისე ექცევა, როგორც ტყვეს.

„ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ეს არ არის მართლმსაჯულების საკითხი. ეს საკითხი ღარიბაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ არის ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი. ფაქტობრივად ადამიანი ჰყავთ ტყვეობაში, არ აძლევენ ზარის განხორციელების უფლებას, სასამართლო პროცესებს არ ნიშნავენ. ამაზე ქართველ ხალხს, საზოგადოებას მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს“, – თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “ღია საზოგადოების ფონდმა”, “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ”, “მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა” და ადამიანის უფლებების ცენტრმა 12 ოქტომბერს განცხადება გაავრცელეს.

ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას გამოეხმაურნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დაუშვებელი და მიუღებელია იმისგან დამოუკიდებლად, პირი დამნაშავეა თუ არა. მათივე შეფასებით, სწორედ ამგვარი მართლმსაჯულება  პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის გონივრულ ეჭვს მიღმა,  სტანდარტით დადგინდეს პირის ბრალეულობის საკითხი. როგორც განცხადებაში წერია, ასეთი პროცესი სრულად ფორმალური ხასიათისაა, მიკერძოებულია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საბაზისო მოთხოვნებს.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ აქ პოლიტიკური ფაქტორი არ ფიგურირებს და ამის დასტურად იმ საქმეებს ასახელებენ, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილს ედება ბრალი.

ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი არ არის და სისტემა მუშაობს.

„სისტემა მუშაობს, სისტემა ეფექტურია, პენიტენციური სისტემის სამედიცინო ნაწილი და რასაკვირველია, არაფერია არც დაფარული და არც დამალული. მე მესმის იმ ადამიანების, ვინც ვიზუალურად რომ ვერ ხედავს პატიმარს ფიქრობს ცუდზე, მაგრამ სასამართლო სხდომებიც იქნება. ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend