საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს ბათუმში 9 ოქტომბერს უმასპინძლებს. სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საშინაო შეხვედრები გულშემატკივრების გარეშე ჩაატარა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მომდევნო მატჩზე სტადიონზე მაყურებელთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება. ბათუმის ახალ სტადიონზე ნაკრების თამაშს გულშემატკივრები პირველად დაესწრებიან.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი მარიკა ფუტკარაძე ამბობს, რომ ამ თამაშს ყველა მოუთმენლად ელოდა.
„როგორც კი ოფიციალური გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გულშემატკივრები მოვახერხებდით თამაშზე დასწრებას, პირველივე წამიდან, როდესაც ბილეთები გასაყიდად დაიდო, მეგობრებთან ერთად ვიჯექი და ველოდები ყიდვას. მალევე შევიძინე ბილეთები. ბათუმელი გულშემატკივრები უშუალოდ სტადიონის აშენებასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით. ის ფაქტი, რომ ჩვენი ქალაქის გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და ყოველ თამაშზე სტადიონი არის სავსე, კარგად აჩვენებს თუ ფეხბურთს ჩვენი ქალაქისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს“, – თქვა მარიკა ფუტკარაძემ “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბარში.
მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმრების რაოდენობა. ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ უნდა იყოს ორი თავისუფალი სკამი.
თამაშზე დამსწრე პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის ერთ მესამედს. გულშემატკივარმა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს.
მატჩზე დასწრება ასევე შეუძლიათ იმ პირებსაც, რომელთაც 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხის ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა ექნებათ თან.
„გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენი ინიციატივით მოხვდა ამ საკითხის განხილვა. სასიხარულოა, რომ ამ შეხვედრაზე გულშემატკივარი დაგვიბრუნდება. იმ რეგულაციების მიხედვით რაც საკოორდინაციო საბჭომ და შესაბამისმა ორგანომ მიიღეს, ყველა გულშემატკივარმა ვინც ბილეთი შეიძინა ოთხი სახის დოკუმენტიდან ერთ-ერთი უნდა წარმოადგინოს“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
ეროვნული ნაკრების მატჩებს მონატრებულმა გულშემატკივარმა მატჩის ყველა ბილეთი ონლაინსალაროების გახსნიდან რამდენიმე საათში შეიძინა. ბათუმის ახალი სტადიონი, „აჭარა არენა“, რომელიც არენა 2020 წელს გაიხსნა, 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა საბერძნეთთან მატჩში მხოლოდ 7 ათასამდე გულშემატკივარი შეძლებს დასწრებას. ნაკრების ფეხბურთელებისთვის კი დამატებითი მოტივაციაა, რომ მათ თამაშისას გულშემატკივრები კვლავ გაამხნევებენ.
„განსაკუთრებული მომენტია, რომ ბათუმში ვითამაშებთ და მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაქსიმალურად მოვინდომებთ და შევეცდებით, რომ ქომაგები გავახაროთ”, – ამბობს საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ კაკაბაძე.
„ფეხბურთელებისთვის ყველაზე კომფორტული გულშემატკივრების წინაშე თამაშია. მათ გარეშე თამაში განსხვავებულ განწყობას ქმნის, შესაბამისად გულშემატკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ”, – თქვა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 5 თამაშიდან მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და ჯგუფში ბოლო მეხუთე ადგილზეა. ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩის შედეგ პრიშტინაში გაემგზავრება, სადაც კოსოვოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
თორნიკე კოპლატაძე