საქართველოში, 60 წელზე უფროსებს შორის, მხოლოდ 10.7%-ია დასაქმებული. ეს ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებსაიტზეა მითითებული.
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, დამსაქმებლები სულ უფრო ნაკლებად იღებენ სამუშაოზე, შედარებით ასაკოვან ხალხს და დასაქმებულთა რიგები სულ უფრო ახალგაზრდავდება.
პანდემიამდე ივანე ჯერენაშვილს საკუთარი სათამაშოების მაღაზია ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო ყველაფერი დაიხურა, მისი ხელახლა ამუშავება ვეღარ შეძლო. მას შემდეგ, იგი რაიმე სამსახურს ეძებს, თუმცა უშედეგოდ – გასაუბრების შემდეგ მას უარს ეუბნებიან. ის ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ასაკობრივი შეზღუდვა იყოს.
„მას შემდეგ, რაც მთელი ცხოვრება საქმიანობდი, ძალიან რთულია სახლში ჯდომა და ლოდინი. სამ ადგილას დამიბარეს, სამივეჯერ გადავედი მეორე ეტაპზე. ერთ-ერთ ორგანიზაციაში მითხრეს, რომ სამსახური უნდა დამეწყო, მაგრამ შემდეგ იქაც არაფერი გამოვიდა. ჩემი აზრით, დამსაქმებლებში სტერეოტიპია გამჯდარი, რომ აუცილებლად ახალგაზრდა კადრები უნდა აიყვანონ. როდესაც საქმე ეხება ისეთი სამსახურის შესრულებას, რომელიც ინგლისურ ენას აუცილებლად მოითხოვს, რა თქმა უნდა, გასაგებია. იმ შემთხვევაში კი, როცა ენა აუცილებლობას არ წარმოადგენს, რატომ უნდა აიყვანო ახალგაზრდა, რომელმაც ენის გარდა არაფერი იცის. მაგალითად, მე თავისუფლად შემიძლია ვიმუშაო საწყობში. არ მესმის რა საჭიროა იქ ენა. ნებისმიერი საქმის შესრულებისთვის გამოცდილებაც ხომ საჭიროა?!”, – ამბობს ივანე ჯერენაშვილი.
ლაშა ბაკურაძე რამდენიმე ბიზნესს ფლობს. მან პანდემიის პერიოდში 50-60 წელზე უფროსები დაასაქმა. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ახლა ამ ხალხს ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება. ესეც არ იყოს, ლაშას თქმით, ისინი ძალიან კარგად უმკლავდებოდნენ საქმეს.
„ამ ადამიანებს გასაუბრებისას დასაქმების იმედი არ ჰქონდათ. სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობით ისინი ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ ისინი დავასაქმეთ, დავინახეთ თუ რამდენად მოტოვირებულები არიან, რომ განვითარდნენ და ისწავლონ. პირველ ეტაპზე ჩვენ მეორადი ნარჩენების კომპანიაში ავიყვანეთ სამი ადამიანი, სადაც მეორადი ნარჩენების გადამუშავება ხდება. ასევე საბუღალტრო კომპანიასა და კვების ობიექტებშიც დავასაქმეთ რამდენიმე ადამიანი. რა თქმა უნდა, პანდემია ყველას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებით ხანშიშესულ ხალხს, რადგან მათთვის დასაქმება განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს“,- მიიჩნევს ბიზნესმენი ლაშა ბაკურაძე.
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, კანონით აკრძალულია ასაკობრივი ცენზის დაწესება საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთათვის. მაგრამ დამსაქმებლები ზოგ შემთხვევაში ამ კანონს არ ემორჩილებიან.
„რაც შეეხება გარკვეულ პროფესიებს, აქ პარადოქსთან გვაქვს საქმე. მაგალითად მაშველი თავისი პროფესიით ვეღარ იმუშავებს მას შემდეგ, რაც 55 წლის გახდება. იგივეა მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში მომუშავე ადამიანებისთვის. მამაკაცის პენსია განისაზღვრება 60 წლიდან. ამ ხუთი წლის განმავლობაში რა უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, რომელმაც მთელი ცხოვრება მაშველად იმუშავა? ესეც არ არის დარეგულირებული კანონით. ერთადერთი გადაწყვეტა ამ პრობლემის არის უფრო მეტი გამჭვირვალობა და ჩართულობა. დამსაქმებელმა დასაბუთებული უარი უნდა წარადგინოს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვერ აჰყავს ესა თუ ის კანდიდატი სამსახურში. ასევე რეორგანიზაციის პირობებში უნდა დასაბუთდეს ვის რა ნიშნით ათავისუფლებენ სამსახურიდან“,- ამბობს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი.
გამოსავალს კი ასეთს სთავაზობენ საზოგადოებას პროფკავშირების წარმომადგენლები: მათი თქმით, პრობლემა მაშინ მოგვარდება, როცა დამსაქმებლები ვალდებულები გახდებიან წერილობით დაასაბუთონ ამა თუ იმ ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებისა თუ დასაქმებაზე უარის თქმის მიზეზი.
მარიამ ქუხილავა