ორშაბათს დიდ ბრიტანეთში ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგები წარმოიქმნა. ბენზინის გადამზიდი სატვირთო მანქანების მძღოლების სიმცირის გამო ბევრ ადგილას საწვავის მარაგი ამოიწურა.
ტვირთების გადაზიდვის ინდუსტრიაში აცხადებენ, რომ ეს ვითარება ბრექსიტისა და კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო შეიქმნა.
რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაშიც, სატვირთო მანქანების მძღოლების ნაკლებობაა.
პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა დიდ ბრიტანეთში. ქვეყანაში მაღაზიების დახლები დაცარიელდა, ბენზინგასამართ სადგურებზე კი ამოიწურა საწვავის მარაგი. რამდენიმეკვირიანი წნეხის შედეგად მთავრობაში განაცხადეს, რომ ათასობით საგანგებო ვიზას დაუშვებენ უცხოელი მძღოლებისთვის, რომ საშობაოდ მსგავსი ვითარება არ განმეორდეს.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან სატვირთოს მძღოლებისთვის 5 000 3-თვიან ვიზას, ხოლო მეფრინველეობის სფეროში დასაქმებულთათვის დამატებით 5 500 ვიზას გასცემენ. ინდუსტრიის წარმომადგენლები მიესალმებიან ვიზების ახალ გეგმას, თუმცა ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმში მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულია.