მთავარისაქართველო#დამიბრუნეგვარი

#დამიბრუნეგვარი

27 000-მდე ხელმოწერით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბა. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები წლებია მათ გვარებში რუსული დაბოლოებების შეცვლას და ავთენტური აზერბაიჯანული დაბოლოებების დაბრუნებას ითხოვენ. თუმცა, ამ მოთხოვნის კანონის დონეზე დასაკმაყოფილებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. რუსული დაბოლოებებით გვარები ეთნიკურად აზერბაიჯანელებს საბჭოთა სისტემამ მიანიჭათ. კამპანია „#დამიბრუნეგვარის“ ფარგლებში პლატფორმა „სალამ“-ის ორგანიზებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეწყობითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 45 დღის განმავლობაში აქტივისტებმა 27 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს.

“პარლამენტში ამ ხელმოწერების შეტანით, ვითხოვთ ჩვენი გვარებიდან რუსული დაბოლობების – „ოვი“, „ევი“ შეცვლას. ეს დაბოლოებები საბჭოთა რეჟიმმა მოგვანიჭა ეთნიკურ აზერბაიჯენელებს. წლებია, ამის შეცვლას ვთხოვთ ხელისუფლებას. ახლა, თავად შევაგროვეთ კანონში ცვლილებების შეტანისთვის საჭირო ხმების რაოდენობა. ჩვენის მხრიდან ვალი ოვიხადეთ. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტში ეს ინიციატივა დეპუტატების მხარდაჭერას მოიპოვებს. ჩვენთვის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს ისტორიული დღეა“, – აცხადებს პლატფორმა „სალამ“-ის დამფუძნებელი ქამრან მამადლი.

ხელმოწერების შეგროვების გარდა პლატფორმა „სალამ“-ის აქტივისტებს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კანონპროექტის მომზადებაში დაეხმარა. თუ პარლამენტი ამ სახით დაამტკიცებს კანონში ცვლილებას, საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ყველა მოქალაქეს, შეეძლება გვარში რუსული დაბოლოება მისთვის სასურველი წარმომავლობის ავთენტური დაბოლოებით ჩაანაცვლოს.

„კანონპროექტის შემუშავების პროცესში, ცვლილების ინიციატორებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც დავეხმარეთ. ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო ქვეყნების მაგალითი ამ მიმართულებით და კანონპროექტის შინაარსი ჩვენს რეალობას მოვარგეთ. ამით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ, საშუალება ექნებათ გვარებში რუსული დაბოლოებები მათთვის სასურველი და ავთენტურით შეცვალონ“, – ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს წარმომადგენელი მარი კაპანაძე.

ხელმოწერების საკანონმდებლო ორგანოში ჩაბარების შემდეგ, პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დააკმაყოფილოს კანონპროექტის დაინიცირების საკითხი. შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაიტანონ და მიიღონ. ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მათ ამ მოთხოვნას დეპუტატები მხარს დაუჭერენ და მათი ეს პრობლემა საბჭოთა წარსულს ჩაბარდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend