მთავარიაზიაავღანეთიევროკავშირის ქვეყნები ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობენ

ევროკავშირის ქვეყნები ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობენ

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ამჟამად უპირველესი ამოცანაა ავღანეთიდან ევროპელებისა და იმ ავღანელების გამოყვანა, რომლებიც მათთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ. ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები გეგმავენ, ავღანელები თავშესაფრით უზრუნველყონ.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა ისაუბრა თალიბანთან მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ, მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ავღანეთში მიგრაციის ახალი ტალღისა და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება.

,,ჩვენი მიზანია ევროპის მოქალაქეებისა და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენი მოკავშირე ავღანეთის მოქალაქეების ქვეყნიდან უსაფრთხოდ გამოყვანა. თუკი მათ აქვთ ქვეყნის დატოვების სურვილი – ჩვენ დავეხმარებით. ჩვენ ვერ მივატოვებთ მათ. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მიგრანტებს შევთავაზოთ თავშესაფარი  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა.

მას შემდეგ, რაც ქაბულში საჰაერო ფრენები განახლდა, ევროპის ქვეყნების მთავრობებს ავღანეთიდან თავიანთი მოქალაქეები გამოჰყავთ. პირველი რეისი ავღანეთიდან ლონდონში შესრულდა. თვითმფრინავში ინგლისის მოქალაქეები, საელჩოს თანამშრომლები და ავღანელები იმყოფებოდნენ. როგორც ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, გაერთიანებული სამეფო თავდაპირველად  5000 ლტოლვილს მიიღებს. მათი უმეტესობა ქალები, გოგონები და უმცირესობების წარმომადგენლები იქნებიან.

ამერიკული მედიის ცნობით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით ავღანეთიდან 640 ადგილობრივის გაყვანა მოხერხდა. როგორც ამერიკული მედია წერს, თავდაპირველად ამ რაოდენობით ადამიანის ევაკუაცია დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა ავღანელების ნაწილი თვითმფრინავში მაინც მოხვდა და სამხედროებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი ბორტზე დაეტოვებინათ.

ავღანეთიდან 41 ადამიანი გაიყვანა საფრანგეთმაც გაიყვანა. თუმცა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუზუსტებია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ბორტზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ საფრანგეთი არ მიატოვებს ავღანელებს და თანდათან დაეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც თავშესაფარი ესაჭიროებათ.

ევროპის ქვეყნების ლიდერების ძალისხმევის პარალელურად, ,, თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი მულა ბარადარი ავღანეთში დაბრუნდა.

მედიის ცნობით, ბარადარი ავღანეთში 20 წელია არ ყოფილა. ის ამჟამად „თალიბანის“ პოლიტიკურ ბიუროს ხელმძღვანელობს. მულა ბარადარი 2010 წელს პაკისტანში, დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად, დააკავეს.  2018 წელს კი, როდესაც აშშ-ს ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს გაათავისუფლეს.

ავღანეთში თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდიმ. მისი თქმით, თალიბებს მოუწიათ ქაბულში შესვლა, რადგან ავღანეთის ხელისუფლება არაკომპეტენტური აღმოჩნდა და დედაქალაქში უსაფრთხოებას ვერ იცავდა.

მან ასევე ისაუბრა ქალების უფლებებზე და განაცხადა, რომ ავღანეთში ქალების უფლებები დაცული იქნება შარიათის კანონის  მიხედვით.

„მინდა დავარწმუნო საერთაშორისო საზოგადოება, რომ არავინ დაშავდება. ჩვენ არ გვსურს პრობლემები საერთაშორისო საზოგადოებასთან. უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი რელიგიური პრინციპების მიხევდით. დავიცავთ ქალების უფლებებს შარიათის კანონის მიხედვით, ისინი იმუშავებენ ჩვენთან ერთად. გვინდა დავარწმუნოთ საერთაშორისო საზოგადოება, რომ არავინ დაიჩაგრება“, – განაცხადა ,,თალიბანის” პრესსპიკერმა.

ტერორისტულმა დაჯგუფება  „თალიბანმა“ 15 აგვისტოს დაიკავა ქაბული და ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნის შესახებ განაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend