რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკა, როგორც ამას თავად კრემლში აცხადებენ, სუვერენული დემოკრატიის პრინციპებსა და გავლენის სფეროებზე არის დაფუძნებული. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანების მცდელობის, რუსეთის ფედერაციის პროვოცირებად შეფასება, დასავლეთისათვის ყოვლად მიუღებელია.
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე თავდასხმიდან 13 წელიწადი გავიდა. ეს ომი ევროპის კონტინენტზე 21 საუკუნეში პირველი შეიარაღებული კონფლიქტი იყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, სულ ცოტა ხნის წინ ეწვია ვაშინგტონს.
სექტემბერში დაგეგმილი რუსულ-ბელარუსული ერთობლივი სამხედრო მანევრების ფონზე კიევში საფუძვლიანად შიშობენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მდგომარეობა კვლავ გართულდება
“ვაშინგტონში ვიზიტი და ჩემს კარგ მეგობართან, ბატონ ბლინკენთან შეხვედრა დიდი პატივია. ენტონი ბლინკენი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩვენდამი მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ამერიკის შეერთებული შტატები მედგრად დაუდგა გვერდზე უკრაინას, რუსეთის ფედერაციის მიერ მის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის გამწვავებისას. ჩვენ ბაიდენის ადმინისტრაციასთან საკმაოდ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ. როგორც ბატონმა ბლინკენმა განაცხადა, მზადდება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში. ჩვენი სურვილია, რომ ეს ვიზიტი კონკრეტული შედეგების მომტანი იყოს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება და დემოკრატიის წინსვლა არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპის ინტერესებშია”, – ამბობს დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ბელარუსი და სომხეთი აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ფედერაციის მთავარი მოკავშირე სახელმწიფოები არიან, ლუკაშენკოს რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობა დიდწილად რუსეთის ფედერაციაზეა დამოკიდებული, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კი სულ ახლახანს წამოაყენა იდეა აზერბაიჯანის საზღვართან რუსული არმიის ნაწილების განლაგების შესახებ.
ალექსანდრ ლუკაშენკი კი საჭიროების შემთხვევაში სამეკავშირეო სახელმწიფოს არმიების მყისიერ მობილიზაციაზე საუბრობს.
“საჭიროების შემთხვევაში ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ტიპის შეიარაღების მქონე საჯარისო შენაერთები მზადყოფნაში უმალვე იქნებიან. მე მსურს ეს მკაფიოდ განვაცხადო. ამ მომენტისათვის სამხედრო მობილიზაციის საჭიროება არ არსებობს”, – აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეკ სალივანი აცხადებს,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღზევების ფონზე, ამ ეტაპზე მაინც, ვაშინგტონი რუსეთის ფედერაციასთან საერთო ენის გამოძებნაზეა ორიენტირებული.
რუსული აგრესია, ოკუპაცია და ანექსია კი ასოცირებული ტრიოსათვის მთავარ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევად რჩება.