მთავარისაქართველოსაქართველოში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა

საქართველოში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა

საქართველოში 19 ივლისიდან დამატებითი კოვიდრეგულაციები ამოქმედდა.

ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ტესტის გაკეთება სავალდებულოა მათთვის, ვინც 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტულ ტურნირებსა და სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში მონაწილეობს.

19 ივლისიდან ასევე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კი, 19 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 69 ჩვილი მკურნალობს. აქედან ორის მდგომარეობა  მძიმეა.

„კლინიკაში 69 ბავშვია კოვიდინფიცირებული და სადღაც 50-მდე მშობელია. რეანიმაციაში 21 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ძირითადად არიან ჩვილები რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტები ან პაციენტები, რომლებსაც სხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ თანხმლები, ამათგან ორი განსაკუთრებით მძიმე არის, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, ორი თვისა და რამდენიმე დღის არის ეს ორივე ბავშვი. ერთი გადმოყვანილია არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან საქართველოსი, მეორე თბილისის სხვა კლინიკიდან. ორივეს მდგომარეობა მძიმეა, ერთის განსაკუთრებით, კრიტიკულად მძიმე“, – აღნიშნა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.

ამასობაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.

მხარეებმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო შეერთებული შტატების მიერ ვაქცინაციის დონაციის საკითხს.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე ქვეყნების ეკონომიკისთვის.

„ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ქართველი ხალხის დასახმარებლად. შევხვდი ეკატერინე ტიკარაძეს, რათა გვემსჯელა ლოგისტიკურ საკითხებზე, რაც საკმაოდ კომპლექსურია. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს საქართველომ ვაქცინა და ასევე დავეხმაროთ ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაში იმისათვის, რომ მოსახლეობა აიცრას. თითოეული ჩვენგანის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 24 საათში 3 271-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 357 106 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებული კი 130 314 პირია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend