ბრაზილიის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩევანი ფაშიზმსა და დემოკრატიას შორის იქნება გასაკეთებელი – ასე განუცხადა ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვამ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში.
ლულა ახლა 75 წლისაა. 2003-2-10 წლებში იგი ბრაზილიას ედგა სათავეში და პოპულარული სოციალური ზომები გაატარა, რისი წყალობითაც მილიონმა ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი. მაგრამ 2017 წელს ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ლუის ინასიუ ლულა და სილვას კორუფციაში დასდეს ბრალი და მოგვიანებით დააპატიმრეს კიდეც. მისი პირადი დანაკარგები ისეთივე დიდი იყო, როგორიც პოლიტიკური და ბევრმა ჩათვალა, რომ ლულას საქმე წასულია.
მაგრამ წელს წლის დასაწყისში ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ მისი ბრალდება, რომლის საფუძველზეც ლულა ციხეში ჩასვეს, ბათილად ცნო და პოლიტიკური უფლებამოსილება აღუდგინა. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ლუის ინასიუ ლულა და სილვას ძალა შესწევს, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟაირ ბოლსონარუ დაამარცხოს.
ანელიზ ბორჯესი, „ევრონიუსი“: როდესაც ბოლოს, 2016 წელს გესაუბრეთ, თქვენ მითხარით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებდით, რადგან დაიღალეთ და გსურდათ, ადგილი მომავალი თაობისთვის დაგეთმოთ. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა და, როგორც ჩანს, თქვენც შეიცვალეთ აზრი?
ლუის ინასიუ ლულა და სილვა, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი:
ადრე მეგონა, რომ 75 წლის ასაკში უკვე მოხუცი ვიყავი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ თურმე 75 წლისაც ახალგაზრდა ვარ. როდესაც 78 წლის ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ეს ბრაზილიაშიც მომხდარიყო.
მე ჯერ არ დამიწყია საარჩევნო მარათონი. 2021 წელს ძირითადად იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ ბრაზილიის მთელმა მოსახლეობამ მიიღოს ვაქცინა და შემწეობა, რომ ხალხი გადარჩეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა, მეწარმეებმა კრედიტები აიღონ და სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ. მხოლოდ წლის ბოლოს დავიწყებ ფიქრს საარჩვენო კამპანიაზე. და თუ „მუშათა პარტია“ და სხვა მოკავშირე პარტიები მოინდომებენ, მე მზად ვარ, ვიყო ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატი და აღვადგინო ბრაზილია, ისევ მივცე ქვეყანას ზრდის საშუალება და ბრაზილია საერთაშორისო ასპარეზზე ისევ მოწინავე ქვეყნად ვაქციო, როგორიც ის ჩემი მმართველობის დროს იყო.“
ანელიზ ბორჯესი, „ევრონიუსი“: თქვენ კრიზისიდან ბრაზილიელების გამოყვანაზე საუბრობთ, მაგრამ როგორ მოახერხებთ ამას მაშინ, როცა ხელისუფლებაში არ ხართ. ხომ არ აპირებთ საერთაშორისო დახმარება ითხოვოთ?
ლუის ინასიუ ლულა და სილვა, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი:
„ჩვენ მხოლოდ ლობირებით ან კრიტიკით კი არ ვართ დაკავებული, არამედ ეროვნულ კონგრესშიც ვიბრძვით, რათა ეროვნული კონგრესი, დეპუტატთა პალატა და სენატი იმ ვაქცინების შესყიდვაში დაგვეხმაროს, რაც დღეს ბაზარზეა. ბრაზილია ძალიან უპასუხიმგებლოდ მოიქცა ანელის, არ იყიდა 70 მილიონი ვაქცინა მაშინ, როცა შეეძლო ყიდვა ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში. ამ რესპუბლიკის პრეზიდენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა. იგი ურწმუნოა, მას არ სჯერა კორონავირუსის, არ სჯერა ვაქცინისა. ერთადერთი სჯერა იმ მედიკამენტისა, რომელიც არ კურნავს კორონავირუსს. ამიტომ გვაქვს პრობლემა. ბრაზილიაში გარდაცვლილთა ნახევარზე მეტის სიკვდილის მიზეზი ბრაზილიის მთავრობის უპასუხისმგებლო საქციელია. მთავრობას რომ პასუხისმგებლობა აეღო და ადამიანურად მოქცეულიყო, შეექმნა კრიზისის მართვის კომიტეტი, რომელშიც თავს მოუყრიდა ექსპერტებსა და მეცნიერებს, არ გვექნებოდა ისეთი დიდი მსხვერპლი, როგორიც გვაქვს.“
ანელიზ ბორჯესი, „ევრონიუსი“: თქვენ საუბრობთ იმ კრიზისზე, რომელმაც ნახევარი მილიონი ბრაზილიელის სიცოცხლე შეიწირა. ახლა სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, 1700 ადამიანზე მეტი იხოცება ბრაზილიაში. თქვენ გგონიათ, რომ უკეთ შეძლებდით კრიზისის მართვას?
ლუის ინასიუ ლულა და სილვა, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი:
„შევძლებდი და იცით რატომ? როდესაც ღორის გრიპი დაიწყო, 83 მილიონი კაცი სამ თვეში ავცერით. ქვეყნის პრეზიდენტი არ არის ვალდებული, ყველაფერი იცოდეს, პრეზიდენტი დირიჟორი უნდა იყოს, რომ გუნდი მართოს. პრეზიდენტს რომ კრიზისის მართვის კომიტეტი შეექმნა, მოეხმო მეცნიერებისთვის, ჯანდაცვის მინისტრის კოორდინაციით შეეკრიბა ბრაზილიის შტატების ჯანდაცვის მდივნები, შეექმნა პროტოკოლი…არ გვექნებოდა ბრაზილიაში ისეთი დიდი მსხვერპლი, როგორიც გვაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ მსხვერპლის ნახევარი ქვეყნის პრეზიდენტის კისერზეა. ამიტომ ვამბობ, რომ მან გენოციდი განახორციელა, თუ გავითვალისწინებთ მსხვერპლის რაოდენობას ბრაზილიაში.“
ანელიზ ბორჯესი, „ევრონიუსი“: პრეზიდენტი, რომელსაც თქვენ გენოციდს აბრალებთ, არის ჟაირ ბოლსონარუ, რომლის ირგვლივაც აზრი გაყოფილია საერთაშორისო დონეზე. მაგრამ ძალიან ბევრი სწორედ თქვენს „მუშათა პარტიასა“ და მის წარუმატებლობას აბრალებს ჟაირ ბოლსონარუს აღზევებას. ეს ხალხი ამბობს, რომ, მაგალითად, „მუშათა პარტიის“ 14-წლიანი მმართველობას ისეთი იმედგაცრუება მოჰყვა და ისეთი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომ ბევრმა ამომრჩეველმა ხმა უკიდურესი მემარჯვენეების კანდიდატს მისცა. ამაზე რას იტყვით?
ლუის ინასიუ ლულა და სილვა, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი:
„ვინც ამას ამბობს, სწორედ მათ მისცეს ხმა ბოლსონარუს და სწორედ მათ გაამარჯვებინეს. და ვინ დაეხმარა ბოლსონარუს, რომ არჩევნები მოეგო? ისინი, ვინც ყალბი ბრალდება წარმიდგინეს, ვინც ციხეში ჩამსვა 580 დღით, რომ მე არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიმეღო, ისინი, ვინც სიყალბეს მწამებდნენ, და ახლა გაირკვა, რომ ეს ბრალდებები ყალბი იყო, რომ მოსამართლე მიკერძოებული, პროკურორები კი ბანდის წევრები იყვნენ…ახლა ეს ყველაფერი დამტკიცდა.
ბოლსონარუ ტყუილის, ფარსის შედეგია…რადგან მანამდე არასოდეს ყოფილა ამდენი ყალბი ამბავი საარჩევნო კამპანიაში. მას არასოდეს მიუღია მონაწილეობა დებატებში. იგი ყოველთვის ურცხვად ცრუობდა. დღესაც კი ბოლსონარუ დღეში ოთხ ტყუილს ამბობს. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ ტყუილს იტყოდა საარჩევნო პროცესის დროს. ამიტომ ვთვლი, რომ ხალხმა ბოლსონარუს არჩევით მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს ხომ დემოკრატიის რისკია, ეს რისკი ახლავს საარჩევნო პროცესს.
ბრაზილიაში ახლა განსხვავებული პოლარიზაციაა. ამჯერად ორი მხარე, მემარჯვენე და მემარცხენე კი არ უპირისპირდება ერთმანეთს, არამედ ფაშიზმი და დემოკარტია. მე დემოკრატიას წარმოვადგენ, რადგან მე დემოკრატიული პარტიიდან ვარ, რომელსაც დემოკრატიული მართვის წარსული უმყარებს ზურგს. ბოლსონარუ კი ფაშიზმს წარმოადგენს. აი, ეს დევს ახლა სასწორზე. ეს ნამდვილი პოლარიზაციაა. ხალხი გადაწყვეტს, მოსწონს დემოკრატია და დემოკრატიული პრეზიდენტი თუ ურჩევნია ფაშისტმა გააგრძელოს მართვა. აი, ეს არის პოლარიზაცია და ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მისი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ არჩევნებს მოიგებ, ამის შემდეგ მოგიწევს, მართო და გააერთიანო საზოგადოება, თითოეულ მოქალაქეს უნდა დაელაპარაკო და ისეთი მართვის სისტემა შექმნა, რომელშიც ადამიანი თავისუფლად და ღირსეულად იცხოვრებს და იმუშავებს. აი, ამის გაკეთებას ვაპირებ – რაც ერთხელ უკვე გავაკეთე. რვა წელი ვიყავი პრეზიდენტი და დავამტკიცე, რომ შესაძლებელია განვითარებული ბრაზილიის აშენება, ისეთი ბრაზილიისა, რომელიც ხალხის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. თქვენ იცით, თუ როგორ ვებრძოდი უთანასწორობასა და სიღარიბეს. ჩვენ შევძელით, რომ ბრაზილია გაეროს მოშიმშილე ქვეყნების რუკიდან ამოეღო, მაგრამ, სამწუხაროდ, შიმშილი ისევ დაბრუნდა ჩვენს ქვეყანაში. მე ვიქნები პრზიდენტი, რომელიც ყველას მოემსახურება, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩემი მმართველობის დროს მოსახლეობის ღარიბ ფენას უპირატესობა ექნება.“
ანელიზ ბორჯესი, „ევრონიუსი“: ბატონო პრეზიდენტო, მგონი, უკვე წინასაარჩევნო განწყობაზე ხართ.
ლუის ინასიუ ლულა და სილვა, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი:
„სავსებით დასაშვებია. პრობლემა ის არის, რომ მე საკუთარ თავზე უარს ვერ ვიტყვი. უნდა ვაჩვენო ხალხს, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ, რომ ვიცი, როგორ გავაერთიანო ქვეყანა, როგორ ავაშენო დემოკრატია. პირველი, რაც 2003 წელს არჩევნების მოგების შემდეგ გავაკეთე, ის იყო, რომ შევქმენი ეკონომიკური და სოციალური განვითარების საბჭო, რომელშიც შევიყვანე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, მღვდლები, პასტორები, ინდიელები, ფერადკანიანები, თეთრკანიანები, კავშირის წევრები…ანუ მთელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომ მათ ჩემთან ერთად აეღოთ ბრაზილიის მართვაზე პასუხისმგებლობა – და ამან გაამართლა! სწორედ ამიტომ, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობა დავტოვე, მოსახლეობის 87 პროცენტი დადებით შეფასებას მაძლევდა.“
ანელიზ ბორჯესი, „ევრონიუსი“: საერთაშორისო საზოგადოება ძალიან შეშფოთებულია ბრაზილიაში არსებული მდგომარეობით. როგორ გგონიათ, სჭირდება ბრაზილიას დახმარება დაუყოვნებლივ? ხომ არ გინდათ, მიმართოთ სხვა ქვეყნების ხელისუფალთ?
ლუის ინასიუ ლულა და სილვა, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი:
„მივმართავ ევროპის ლიდერებს, მათ, ვინც ახლა მთავრობაშია და მათ, ვინც ხელისუფლებაში იყო წარსულში, ასევე კავშირებს და თუ სხვა დაწესებულებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც იცნობს „მუშათა პარტიას“, ბრაზილიას და ჩვენს მთავრობას, ვისთანაც ხშირად გვქონდა ურთიერთობა. შეგახსენებთ, რომ, როდესაც მე ვიყავი რესპუბლიკის პრეზიდენტი, ევროპის ყველა პარტიასთან, ყველა პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა… იქნებოდა ეს გორდონ ბრაუნი, ტონი ბლერი, სარკოზი, შირაკი, ანგელა მერკელი თუ შროდერი…მე ყველას ველაპარაკებოდი. ბრაზილია ის ქვეყანაა, რომელსაც არავისთან უჩხუბია და ბრაზილიას სჭირდება ევროკავშირთან პარტნიორობა. ჩვენ ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკას შორის ისეთი თანხმობა უნდა დავამყაროთ, რომ მივცეთ ევროპას საშუალება, არ დარჩეს მარტო ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მე თვალს ვადევნებ ახალ ამბებს და ვხედავ, რომ ამერიკელები ეწინააღმდეგებიან იმ გაზსადენს, რომლის აშენებასაც გერმანია რუსეთთან ერთად ცდილობს. ვხედავ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ებრძვის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას, კომპანია Huawei-ს და მონაცემთა ინდუსტრიას. ერთი სიტყვით, ამერიკასა და ჩინეთს შეთანხმება სჭირდებათ და ევროპას არ შეუძლია ამ ბრძოლის შუაგულში დგომა. ამიტომაც ლათინური ამერიკა და ბრაზილიასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყველა ქვეყანამ გააცნობიეროს, რომ ცივი ომი დასრულდა და აღარ გვსურს ბირთვული ომი. ვერ დავუშვებთ სავაჭრო ომს, ციფრული ინდუსტრიის ომს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ კაცობრიობას კეთილდღეობა მოვუტანოთ. ამიტომ მგონია, რომ ევროპას, სადაც კეთილდღეობაა, შეუძლია ისეთი პოლიტიკური კურსი აგვაღებინოს, რომ მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს განვითარებაში დავეხმაროთ. ამაში კორონავირუსის ვაქცინასაც ვგულისხმობ. ჩვენ უნდა შევძლოთ, ეს კაცობრიობის სიკეთედ ვაქციოთ და ყველამ მიიღოს ვაქცინა.“
ავტორი: ანელიზ ბორჯესი