მთავარისაქართველოპანდემია და ბავშვები

პანდემია და ბავშვები

უკვე რამდენიმე თვეა, სკოლები დისტანციური სწავლებაზე გადავიდნენ. კორონავირუსის გამო, ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, რომ  გარეთ იშვიათად გავიდნენ და თავშეყრის ადგილებს მოერიდონ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეპიდემიამ მბავშვების ფსიქიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ბავშვებს  პანდემიის გამო შეცვლილი რეალობის აღქმა გაუჭირდათ.

მარიამ ნადირაძის და სკოლის მოსწავლეა. ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან შეგუება მისთვისაც რთული აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ყოველმხრივ ცდილობდა მისთვის ხელი შეეწყო.

„ვცდილობდით, სახლში მოგვეწყო ისეთი გარემო, როგორიც სახლის გარეთ არის. ვატარებდით მხიარულ სტარტებს. ვცდილობდით, ისეთი რამ გაგვეკეთებინა, რაზეც მეორე  საღამოს ვიმსჯელებდით. მაგალითად, ასე გავაკეთე მე და  შენ როგორ ფიქრობ“, – ამბობს მარიამ ნადირაძე.

პედიატრ ინგა მამუჩიშვილის აზრით, შეზღუდვების გამო ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნათ. ისინი ეკრანს მიეჯაჭვნენ და საკუთარ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლეს. უჭირთ პირბადის ტარებაც, რაც ვირუსისგან დასაცავად აუცილებელი პირობაა.

„ბავშვებში გვხვდება ჰიპერაქტივობის ნიშნები, განსაკუთრებით გამოიკვეთა უძილობა. იყო დეპრესიის შემთხვევებიც, როდესაც ბავშვები გამუდმებით ტიროდნენ, ცდილობდნენ, ოჯახის ყურადღება მიექციათ. მშობლებიც, თავის მხრივ, სამუშაოდ ონლაინრეჟიმზე იყვნენ გადართულები და ბავშვებისთვის ესეც რთული მისაღები აღმოჩნდა. სომატური დაავადებებიც კი გამოიკვეთა“, – განაცხადა პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა.

ფსიქოლოგები გამოსავალს ეძებენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია პრიორიტეტები სწორად განაწილდეს და ბავშვებს მეტი დრო დაუთმონ.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია საოჯახო რიტუალები, რომლებიც ბავშვს ოჯახის ერთიანობის განცდას აძლევს. იმის განცდას, რომ ემოციურად უსაფრთხო გარემოა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, საოჯახო ან სამაგიდო თამაშები. აუცილებელია, რომ ბავშვებს ამ მიმართულებით მრავალფეროვნება შევუქმნათ“, – თქვა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ.

როდის დაუბრუნდებიან ბავშვები ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

 

ავტორები: ანა ალელიშვილი, კესარია ჯავახიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend