მთავარისაქართველო"ღირსების მარში" გადაიდო

“ღირსების მარში” გადაიდო

ფიზიკური ძალადობის ფაქტები და დარბეული ოფისები

ევროკავშირის ჩამოხსნილი დროშა, დაშლილი კარვები და აღმართული რკინის შავი ჯვარი – ასე დაიწყო ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქცია დღეს, 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის შენობასთან.  შემდეგ კი იყო ჰომოფობიური განცხადებები, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა და გინება. ეს ყველაფერი კი, როგორც ამბობდნენ, ღმერთისა და საქართველოს სახელით.

ღირსების მარშის კონტრაქციაზე მისული მოქალაქეები განსაკუთრებულ აგრესიას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციურ პარტიების მიმართ გამოხატავდნენ. ამასთან ერთად ამტკიცებდნენ, რომ მოძალადეები არა ისინი, არამედ ლგბტქ თემის წევრები არიან. თუმცა, კონტრაქციის მონაწილეები 53 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულთა უმეტესობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათგან ერთს – ქირურგიული ჩარევა.

ჩაგვარტყეს ხელკეტები, ქვები და გაგვისწორდნენ. მოგვიწია გამოქცევა“, – ამბობს დიმიტრი ყირიმლიშვილი, ჟურნალისტი

„ცდილობდნენ, რომ ყველა ეცემათ, ვინც გარშემო იყო, უნდოდათ, რომ ყველას ფიზიკური დაზიანება მიეღო. მათ არ აინტერესებდათ არც პოლიცია და არც მედია. იმიტომ სურდათ ჩვენი ცუდად ყოფნა, რომ არაფერი გაშუქებულიყო აქციიდან“, – აცხადებს დეა მამისეიშვილი, ჟურნალისტი.

ძალადობის გამომხატველი ჯგუფები თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ, ჩამოხსნეს ლგბტქ დროშა, რომელიც დაწვეს და დაარბიეს ოფისი. ასევე შეჭრას ცდილობდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისშიც.

შუადღის 3 საათისთვის „თბილისი პრაიდმა“ ღირსების მარშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მათი განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაიცვა ღირსების მარშის ორგანიზატორთა და მონაწილეთა უსაფრთხოება და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფები წაახალისეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძალადობის ფაქტები იყო დღეს  55 პირის მიმართ. მათივე ინფორმაციით, მათგან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების თანამშრომელია. სამართალდამცველები სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მუშაობენ – ესენია: ძალადობა, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და სხვისი ნივთის დაზიანება. სამივე მუხლით მაქსიმალური სასჯელი არის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ბრალის დამტკიცების მიუხედავად, შესაძლებელია ჯარიმით გათავისუფლებაც.

სიძულვილის გამომხატველი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველთა რიცხვი კი აქციაზე არც თუ ისე დიდი იყო. თუმცა, აქციას ესწრებოდა ბევრი არასრულწლოვანი. მშობლებს შვილები ჰყავდათ მიყვანილი.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend