ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ, მათ თავდაცვის ძალები ჰქვიათ. უბრალოდ კი – ჯარისკაცები. და აქ ბევრი ქალი ჯარისკაცია… ისინი არიან მეთაურები, კაპიტნები, მსროლელები, ექიმები, პედაგოგები. ბევრ მათგანს ქვეყნის დასაცავად ომში წინა ხაზზეც უბრძოლია, ბევრს საერთაშორისო მისიებში შეუტანია თავისი წვლილი, ბევრი კი სამხედრო პოლიგონებზე იწვრთნება. ისინი თანასწორები უნდა იყვნენ, თანამებრძოლ მამაკაცებთან, ეს კი მათგან დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს. ჯარისკაცი ქალები ამბობენ, რომ სამშობლოს დასაცავად მათთვის არაფერია შეუძლებელი.
უფროსმა ლეიტენანტმა ხატია გოგალაძემ ბრძანება გასცა – მისმა საბრძოლო ოცეულმა მიზანში უნდა ისროლოს. სამიზნეც თავად განსაზღვროს და შედეგიც თავად შეამოწმოს. წვრთნა პოლიგონზე დიდხანს გაგრძელდება. დაღლა არ უნდა შეეტყოს, რადგან აქ ყველა თანასწორია.
[br]„უფლებების თანასწორობა არ ნიშნავს ფიზიკურ თანასწორობას, ფიზიკური შესაძლებლობების თანასწორობას. ზოგიერთ ადამიანს, გინდ ქალს, გინდ კაცს, მეტი შრომა სჭირდება, რომ მიაღწიოს გარკვეულ კონდიციას. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მეთაურს სქესი არ აქვს, სამხედრო მოსამსახურეს, ჯარისკაცს სქესი არ აქვს, მაშინ ვიქნებოდით ჯარისქალები. ჯარისკაცები ვართ ჩვენ, შესაბამისად, ჩვენ გვაქს კონკრეტული ამოცანა, მიზანი, რომელსაც ვემსახურებით“, – ამბობს საბრძოლო საბრძოლო ქვედანაყოფის მეთაური, ლეიტენანტი ხატია გოგალაძე.
მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. გამარჯვება, რომელსაც ჯარში დიდი ძალა სჭირდება. ფიზიკური ძალა არა – ნამდვილი ძალა! ამ ძალას კარგად გრძნობენ მეთაური ქალები, რომლებიც სხვებისთვისაც უნდა იყვნენ მაგალითი.
„თავიდან რთული იყო ქალი მეთაურის მიღება, ქალი საბრძოლო ოცეულის მეთაური. თუმცა ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდნენ. რა თქმა უნდა, ადაპტაციის პერიოდი მეც გავიარე მათთან, ასევე – მათ ჩემთან. აქ მხოლოდ შენი თავი არ გეკუთვნის, მით უმეტეს, როდესაც მეთაური ხარ. მნიშვნელოვანია, რომ შენი ქმედება, ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა, იყოს მაგალითის მიმცემი შენი ჯარისკაცებისთვის“, – იხსენებს ხატია გოგალაძე.
უფროსმა ლეიტენანტმა გოგალაძემ მიზანში ზუსტად უნდა გაარტყას. პოლიგონზე ეს ყველაზე დიდი სურვილია. ბრძოლის ველზე კი მთავარი სურვილი გადარჩენაა. ეს ყველაზე კარგად სამედიცინო ასეულის მეთაურმა, კაპიტანმა ნათია გუგავამ იცის. ის ახლა სამხედრო წვრთნისას დაშავებული ჯარისკაცის დასახმარებლად მიდის, თუმცა ჯარისკაცების გადასარჩენად ომშიც იყო საკუთარი სიცოცხლის ფასად.
„ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ მე ვემსახურები ორ ფორმას. ორი ფორმა მაცვია – თეთრი ხალათი და სამხედრო ფორმა, რომელიც ყველაზე მეტად საამაყოა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის. ექიმისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მადლიერება. თქვენ არ იცით, დაშავებული ჯარისკაცის თვალებში რამხელა მადლიერებაა“ – ამბობს სამედიცინო ასეული მეთაური, კაპიტანი ნათია გუგავა.
კაპიტანი ნათია გუგავა 2008 წელს ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლისთვის ცხინვალის რეგიონში იბრძოდა. მაშინ 30 წლის იყო და როგორც კი პირველი განგაში გამოცხადდა, დაუფიქრებლად წავიდა.
„მაშინ ვიგრძენი ომის სუნი. ომს რომ თავისი სუნი აქვს. ეს ალბათ არასოდეს დამავიწყდება. ეს იყო სისხლის დენთის, ყველაფრის ერთად. ვერ აღგიწერთ… ეს ომის სუნია. ამდენი წელი გადის და ის მაინც გონებაში რჩება. მამა ექიმია, ქირურგი. აგვისტოს ომის დროს, როდესაც გაიგო და მიხვდა სადაც ვიყავი, ძალიან ხშირად მირეკავდა. სულ კამათი გვქონდა – ვეუბნებოდი. ნუ მირეკავ, დროს ნუ მაკარგვინებთ-მეთქი. მთხოვდა, მხოლოდ ერთს – მითხარი სად ხარ, მოვალ და უბრალოდ შენს მანქანში ჩავჯდებიო. იმას გავაკეთებ, რასაც შენ და კიდევ უფრო მეტს, დავეხმარები შენს ჯარისკაცებს, ოღონდ მითხარი, რომ მოვიდეო. ვეუბნებოდი არა, შენ მანდ უნდა იყო და მიხედო ჩვენგან გამოგზავნილ ჯარისკაცებს-მეთქი“ – იხსენებს ნათია გუგავა.
ისე როგორც 2008 წელს, ახლაც დაუფიქრებლად მიდის სამსახურში ნებისმიერ დროს, განგაშისას თუ უბრალოდ ზარისას. ყოველთვის, როცა კაპიტანი გუგავა საქმეს სჭირდება…
„ხშირად დამიჭერია ასეთი მომენტი – მივსულვარ სახლში და ჩემს შვილს უთქვამს – დედა სადმე წავიდეთ, გავისეირნოთ. და მიპასუხია – არა შიო, ძალიან დაღლილი ვარ, დავისვენებ. სადღაც 5-10 წუთში კი შემოსულა ზარი და უთქვამთ, რომ სამსახურში ვჭირდები. რა თქმა უნდა, მაშინვე ჩამიცვამს და სამსახურში წამოვსულვარ. მაშინ დამიჭერია თითქოს საყვედურით სავსე თვალები – ჩემთვის ვერ მოიცალა და ისევ წავიდა…“, – იხსენებს ნათია გუგავა.
[br]ნანუკა მეშველაშვილი