„ქალთა ჩართულობის გარეშე, დილის 4-ის ნახევარზე, რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა, ერთი ხელის მოსმით წაართვას ქალებს თანასწორობის უფლება“, – ასე ეხმაურებიან „ქალთა მოძრაობისა“ და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები კვოტირებაზე დაგეგმილ ცვლილებებს.
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პარტიულ სიაში ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
კანონის მოქმედი რედაქციით კი 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია იმგვარად უნდა შეადგინოს, რომ წარდგენილ სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.
საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, კანონდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლი უარესდება – ასე აფასებენ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროექტს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, რომ მხარი არ დაუჭირონ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიულ სიებში კვოტირების სტანდარტის გაუარესებას.
„ჩვენ ამას არ მოვითმენთ და ამას მოჰყვება დიდი პროტესტი ყველა ჯგუფის მხრიდან. ასევე შეგახსენებთ, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობა უნდა იყოს მინიმუმ 30%, თუმცა „ქართულ ოცნებას“ არც ქალების, არც საკუთარი მოსახლეობის და, როგორც ჩანს, არც სხვა ოპოზიციური პარტიების აზრი აინტერესებს“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.
[br]ცვლილების მიხედვით, საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტით ყოველი მესამე ქალი უნდა იყოს, მანამდე არსებული ვერსიით კი საარჩევნო სიაში ქალი ყოველი მეორე უნდა ყოფილიყო.
2020 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა 94 ხმით ერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო ორგანული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პროპორციულ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
„ცვლილება, რომელიც შეეხო ყოველ მეორეს განსხვავებულ სქესთან დაკავშირებით, არ უზრუნველყოფდა თვითმმართველობაში ნახევარ ქალებს, იმიტომ, რომ მაჟორიტარები, როგორც წესი, სულ კაცები არიან. შესაბამისად, არავის არ ეგონოს, რომ ეს იყო წყალობა, რომლითაც რეალურად იქნებოდნენ ნახევარი ქალები წარმოდგენილი თვითმმართველობაში. არა! რეალურად, ეს იყო მესამედი და ახლა კიდევ უფრო შეამცირეს“, – აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.
„მეტი ქალი საჭიროა პოლიტიკაში. დიახ, საჭიროა და ის სტერეოტიპები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ქალების მონაწილეობაზე, მათ აქტიურობაზე და ა.შ. უნდა დავამსხვრიოთ ყველამ ერთად. სწორედ ამისთვის აუცილებელია კვოტირება“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
მმართველი პარტია კი პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ გენდერული ნიშნით საარჩევნო რეფორმა მაინც დაბალანსებული იქნება.
„სადაც კულტურის მინისტრი არის ქალბატონი და ცალკეულ საკრებულოებში წარმომადგენლობები არის საკმაოდ დატვირთული და სწორიც არის – მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალი ბიზნესში და ახლა ამ მმართველ პარტიას თქვენ რომ დასწამოთ ის, რომ ქალების როლს აკნინებენ, ნუ ეს მინიმუმ უნდა იყო რაღაც ჩასაფრებული. დღეს, ჩვენ, თუ ვთქვათ, რომ სადმე გამოწვევა გვაქვს, რეაგირებას მაშინვე ვაკეთებთ და ქალების როლი, ბოლო პერიოდში როგორც არის წარმოჩენილი და სწორადაც და მე მგონია, რომ ქალი ყველაზე ძლიერია ერთ-ერთი და ეს დრომ გვაჩვენა და მეტი მხარდაჭერა ექნება ყოველთვის, მაგრამ ხელოვნურობა არაფერში არ ივარგებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
ქალთა მოძრაობამ პარლამენტს მოუწოდა, პლენარულ სხდომაზე მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ ცვლილებას, რომელიც ქალთა წარმომადგენლობას შეასუსტებს.
ანა ალელიშვილი