მთავარისაქართველოგახდება თუ არა ველოსიპედი თბილისის სატრანსპორტო სისტემის ნაწილი

გახდება თუ არა ველოსიპედი თბილისის სატრანსპორტო სისტემის ნაწილი

3 ივნისი ველოსიპედის მსოფლიო დღეა

ველოსიპედის მსოფლიო დღე 2018 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააფუძნა, რათა საზოგადოებას მეტი გაეგო ველოსიპედზე, როგორც ეკოლოგიურად სუფთა და მარტივ სატრანსპორტო საშუალებაზე.

მსოფლიოს მასშტაბით ველოსიპედები სატრანსპორტო სისტემის ნაწილია, მაგრამ რა ხდება საქართველოში? ისურვებდნენ თუ არა მოქალაქეები, ველოსიპედი ერთ-ერთ სატრანსპორტო საშუალებად იქცეს? გადაჭრის თუ არა ეს სატრანსპორტო პრობლემებს?

„საცობში ვარ“,  „გზა გადატვირთულია“ „მაგვიანდება“ – ეს ალბათ დედაქალაქში მცხოვრებთათვის ნაცნობი ფრაზებია. თბილისში ხერგილები ხშირია.

მაგრამ ველოსიპედისტები ხერგილებში თითქმის არასდროს ხვდებიან. სანდრო ბუაძე ველოსიპედით საკმაოდ ხშირად გადაადგილდება. მისთვის ეს განტვირთვის საშუალებაცაა, ჰობიც და გადატვირთული გზებიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი შესაძლებლობაც. თუმცა ველოსიპედი ჯერ მაინც ვერ გახდა  თბილისში სატრანსპორტო საშუალება.

„თბილისში ცოტა რთულია ველოსიპედით გადაადგილება, რადგან არ არის შესაბამისი გარემო და ინფრასტრუქტურა, მაგრამ თუ განვითარდებოდა, მრავალი ველოსიპედისტი კიდევ უფრო ხშირად ისარგებლებდა ველოსიპედით და ვინც არ გადაადგილდება ველოსიპედით ისინიც დაინტერესდებიან“, – ამბობს ველომოყვარული სანდრო ბუაძე.

[br]სანდრო ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით ველოსიპედისტებისათვის პირობები გაუმჯობესებულია.

„თავიდან ველობილიკები საერთოდ არ იყო, ტროტუარებზე ავხტებოდით, ჩამოვხტებოდით და ასე ვისწავლეთ ტარება.“

არსებობს ასეთი პირობითი ნიშანი – ველოსიპედის ქალაქების ინდექსი, ეს ინდექსი ითვლის, როგორია ველოსიპედით გადაადგილების სიხშირე, რამდენად უსაფრთხოა ის და რამდენადაა ინფრასტრუქტურა მასზე მორგებული.

„statista”- ს 2019 წლის მონაცემებით, ამ ინდექსით პირველ ადგილზე  ნიდერლანდების ქალაქი უტრეხტია, მეორე ადგილს გერმანიის ქალაქი მიუნსტერი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ბელგიის ქალაქი ანტვერპენია.

სპეციალისტების თქმით, საქართველოში ასეთი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან თბილისში ველოსიპედები ჯერჯერობით სატრანსპორტო სისტემის ნაწილი არ არის და მათი გადაადგილება არ აღირიცხება.

„ველოსიპედი, სკუტერი, მოპედი – ყველა ეს სატრანსპორტო საშუალება არის კარგი გზა, რომ მოკლე მგზავრობები და გადაადგილებები ჩანაცვლდეს. ამასთანავე, ველოსიპედს აქვს ეკონომიკური ეფექტიც იმის გათვალისწინებით, რომ ისინი საწვავში ფულს არ იხდიან და ჯანმრთელობასაც იუმჯობესებენ. ყველგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მივა,  მაგრამ ის თუ დაკავშირებულია ამ სკუტერებთან, მოპედებთან, გაზიარების სისტემასთან, მაშინ უფრო აქტიური გამოყენება ხდება მისი“, -ამბობს ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების” დამფუძნებელი გელა კვაშილავა.

სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესების გარდა, ველოსიპედით გადაადგილება გარემოს დაბინძურების შემსუბუქებასაც უწყობს ხელს. ამის დასტური უკვე არის რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება.

„ძალიან ბევრ ქვეყანას პოლიტიკის ნაწილად აქვს ქცეული ველოსიპედები, გლობალურ დათბობასთან და კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველ იარაღადაც იქცა. არის ქალაქები, სადაც ძალიან შევიწროვდა არსებული სავალი ნაწილები და გაფართოვდა ველობილიკები, ამითი ხდება გამონაბოლქვის შემცირება“, -ამბობს ურბანული აქტივისტი მარიამ ბაქრაძე.

თბილისი ჯერ ველოსიპედისტების ქალაქი არ არის. თუმცა ბევრისათვის,  ველოსიპედით გადაადგილება უკვე არის განტვირთვის საშუალება.

ზოგი კი თვლის, რომ ეს დრო მაინც მოვა და ველოსიპედით გადაადგილება თბილისის  ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა.

ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend