ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ კორონავირუსის პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
დამოუკიდებელ კომისიაში 13 წევრია. მათი დასკვნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გაცილებით ადრე უნდა გამოეცხადებინა გლობალური საგანგებო მდგომარეობა. მათივე თქმით, თუ შეცდომები არ გამოსწორდება, მსოფლიოში შესაძლოა, კიდევ მოხდეს ვირუსის აფეთქება.
ექსპერტების აზრით, მსოფლიო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის შესახებ ჯანმოს კომიტეტის პირველივე შეხვედრის შემდეგ, გასული წლის 22 იანვარს უნდა გამოეცხადებინა და არა ერთი კვირის შემდეგ, 30 იანვარს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მთელი თვე დაიკარგა, რადგან ქვეყნებში ვერ მიიღეს ადეკვატური ზომები იმისათვის, რომ შეეჩერებინათ კორონავირუსის გავრცელება.
როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დროულად არ შემოიღო რეგულაციები.
რეგულაციების მიხედვით, გადაადგილებაზე შეზღუდვა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში წესდება, რაც ექსპერტების აზრით, შესაცვლელია.
ამის გამო როგორც აშშ-მა, ისე ევროპამ დაკარგა თებერვლის თვე და მოქმედება მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც საავადმყოფოები უკვე ინფიცირებულებით იყო სავსე.
გარდა ამისა ექსპერტები აღნიშნავენ, იმის ნაცვლად, რომ ჯანდაცვის სისტემა მომზადებულიყო კოვიდპაციენტების მისაღებად, ქვეყნების უმეტესობამ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდებისა და წამლების ბრძოლა დაიწყო.
მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლად დამოუკიდებელმა კომისიამ შეიმუშავა რეფორმები:
– შეიქმნას გლობალური საფრთხეების შემსწავლელი საბჭო, რომელსაც ექნება უფლება, მოუწოდოს სახელმწიფოს მოქმედებისკენ.
– შეიქმნას ინფექციაზე დაკვირვების სისტემა, რომლის მიხედვითაც, გამოაქვეყნებენ შესაბამის ინფორმაციას მთავრობების თანხმობის გარეშე;
– გამოიყოს 1,9 მილიარდი დოლარი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან, რომლებიც დააფინანსებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა „კოვაქსს“, რომელიც ღარიბ და ნაკლებშემოსავლიან ქვეყნებს ვაქცინების მიწოდებაში დაეხმარება.