მთავარისაქართველოამნისტიის კანონპროექტი

ამნისტიის კანონპროექტი

ოპოზიციური პარტიების ნაწილი საპარლამენტო საქმიანობას 27 აპრილიდან შეუდგება. სწორედ ამას ითვალისწინებს ხუთპუნქტიანი შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირის მედიატორობით მოეწერა ხელი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ ბუნდოვანი რჩება ამნისტიის საკითხი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას უნდა შეეხოს.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია მძიმე მუხლებს ვერ შეეხება, რადგან საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია მსგავს მუხლებზე ამნისტიის გავრცელება.

„ამ მუხლში ვერანაირად ვერ მოხვდება ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორებიცაა: წამება, არაადამიანურად მოპყრობა და ა.შ. ჩვენ ვართ საერთაშორისო კონვენციის წევრი,  რომელიც უბრალოდ კრძალავს ასეთი მუხლების ამნისტიაში შეტანას. ასე რომ, ასეთი მუხლი ვერ მოხვდება, ასევე ვერ მოხვდება აქ პოტენციურად სამომავლოდ თუ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, ვთქვათ, იგივე ბრძანების გაცემაზე და ა.შ. მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე. ამიტომ, ამ მუხლში მოხვდება ნიკა მელია, მოხვდება 15-მდე სხვა ადამიანი, აქეთა მხრიდან ვინც იყვნენ ამ პროტესტის მონაწილეები“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ.

„ევროპულ საქართველოში“ კი მიაჩნიათ, რომ ხელშეკრულება ნაჩქარევად გაფორმდა. ამან კი არ შექმნა იმის საშუალება, რომ განმუხტულიყო პოლიტიკური კრიზისი და გადაწყვეტილიყო პოლიტპატიმრების თემა.

„სამწუხაროდ, ნაჩქარევად გაფორმებულმა ამ ხელშეკრულებამ არ მოგვცა საშუალება, განგვემუხტა კრიზისი, გადაგვეწყვიტა პოლიტპატიმრების პრობლემა.

„ოცნების“ პოლიტიკური ტერორით დაკავებულ რეჟიმს მისცა საშუალება გაეგრძელებინა ვაჭრობა პოლიტიკური ტყვეებით. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგების მხრიდან მიღებულმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ეს. ჩვენ ძალინ გვინდა, რომ ცდებოდეს „ევროპული საქართველო“, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პოზიცია აღმოჩნდა მართებული, ამ შემთხვევაში. ეს ხელშეკრულება არ იძლევა საშუალებას პოლიტპატიმრების გამოშვების“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კალოიანმა.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

„ამნისტიის იდეას არაფერი ისე არ ავნებს, როგორც პერსონიფიცირება. პერსონიფიცირება ამნისტიასთან მიმართებით არის რაც საფუძველშია, შინაარსობრივ წინააღმდეგობას ქმნის. ჩემი მოწოდება იქნებოდა და სურვილი, რომ ამ შემთხვევაში დავიცვათ ის ფარგლები და ის შინაარსი, რომელიც განცხადებულია კონკრეტულად იმ დოკუმენტში, რომელიც არის მთავარი წყარო, ამ შემთხვევაში ჩვენი მოტივაციისთვის, რომ გამოვცეთ ამნისტიის აქტი“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტზე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკუთარ ვერსიებზე მუშაობენ.

კანონპროექტის ინიცირება 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend