დიდ ბრიტანეთში კარანტინის რეჟიმი მოიხსნა. წარმატებული ვაქცინაციის პროგრამის დამსახურებით ქვეყანაში ბარებსა და რესტორნების გარეთ მუშაობის უფლება მიეცათ. გაიხსნა მაღაზიებიც. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მონაცემების მიხედვით, ვაქცინის პირველი დოზა ბრიტანელების ნახევარმა უკვე გაიკეთა.
ლონდონის ქუჩებს სიცოცხლე დაუბრუნდა. ქალაქში ბარები და რესტორნები გაიხსნა.
„ბებიაჩემი კორონავირუსისგან რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. წესით, შეზღუდვების მომხრე უნდა ვიყო, მაგრამ ვხედავ, რომ ყველა პასუხისმგებლობით იქცევა და წესებს ემორჩილება.“ – ამბობს ლონდონელი.
ლონდონში რესტორნები და ბარები შობის შემდეგ არ გახსნილა. ფინანსური ზარალის აღდგენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება. რთულ მდგომარეობაში არიან მაღაზიების მეპატრონეებიც.
„ჩვენი ბიზნესმოდელი აგებული იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც ლონდონში კონცერტებზე დასასწრებად ჩამოდიოდნენ. ახლა ისინი აქ აღარ არიან. შედეგად ჩვენი მომხმარებლის 40 პროცენტი დავკარგეთ. მიუხედავად ამისა, მაინც გვიხარია, რომ შეზღუდვები მოიხსნა“, – ამბობს „სისტერ რეი რექორდსი“ ფილ ბარტონი.
დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა. ინგლისი იხსნება, ხოლო მის მეზობელი ქვეყნებში კი შეზღუდვები მკაცრდება.
ეს ყველაფერი ვაქცინაციის დამსახურებაა.
ბრიტანეთის მოსახლეობის 50 პროცენტს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაუკეთდა. ხალხმრავლობაა ტესტირების ცენტრებთან. სამხრეთაფრიკული ვარიანტის გამო ლონდონელებს კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ევალებათ.
წარმატებული ვაქცინაციის პროგრამის მიუხედავად, ვირუსის გავრცელების საშიშროება კვლავ არსებობს.
„ინდოეთში საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორ დაავადდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ვაქცინის ორივე დოზა ჰქონდათ გაკეთებული. გაერთიანებულ სამეფოში ახალგაზრდა ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს იმუნიტეტი და, შესაბამისად, შეიძლება დაავადდნენ“, – ამბობს ინფექციონისტი ბარატ პანხანია.
ეს დღეები ალბათ ყველა ბრიტანელს დაამახსოვრდება. ხალხი იმედოვნებს, რომ პანდემია საბოლოოდ დასასრულს უახლოვდება.