ევროპული ხელოვნების სამყაროში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქურდობა კვლავ გამოუძიებელი რჩება. 1934 წელს ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე წმინდა ბავოს საკათედრო ტაძრიდან მეთხუტმეტე საუკუნეში შესრულებული მრავალპანელიანი ნახატის ერთ-ერთ ნაწილი მოიპარეს. “სამართლიანი მსაჯების“ პანელი ცნობილი ფლამანდიელი მხატვრის იან ვან ეიკის მიერაა დახატული და ჩრდილოეთის რენესანსის ერთ-ერთ შედევრად ითვლება. მის ადგილას ამჟამად მისი ასლია გამოფენილი.
„მოპარული პანელი ადამიანების ფანტაზიას იპყრობს. ყოველწლიურად გამოძიების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ეს ნახატი ჩვენი ტაძრის ლოხ-ნესის ურჩხულია. იმედი გვქონდა, რომ წლისთავთან დაკავშირებით მაინც მოახერხებდნენ პოვნას. გარკვეული დრო ჯერ კიდევ არის დარჩენილი“, – აცხადებს ტაძრის სასულიერო პირი კანონ ლუდო კოლინი.
გამოძიების მთავარი ეჭვმიტანილი ვინმე არსენ გოდერტიე იყო. მის სახლში გამოძალვის შინაარსის მქონე წერილი და მინიშნებების მქონე სხვადასხვა ჩანახატი იპოვეს. იგი ქურდობიდან ერთ წელიწადში ინსულტით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ გოდერტიემ განაცხადა, რომ მხოლოდ მან იცოდა, თუ სად იყო ნახატი დამალული.
„ამ ამბავს და ვინჩის კოდის ელფერი დაჰკრავს. ეჭვმიტანილის ჩანახატებში სხვადასხვა მინიშნებაა. ამ ამბით ქალაქის ყველა მოყვარული დეტექტივი დაინტერესდა. არ ვიცი, ოდესმე თუ ვიპოვით პანელს. რამდენიმე მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ იგი განადგურებულია, რაც ძალიან დასანანი იქნება“, – აცხადებს ბელგიელი მოსამართლე კაროლინ დიუვიტი.
იან ვან ეიკის დაკარგული ნახატის საიდუმლო კვლავ ამოუხსნელია, თუმცა, როგორც ჩანს, ბელგიის პოლიცია დანებებას ჯერ არ აპირებს.