მთავარისაქართველოოკუპაციის სიმბოლო წავიდა

ოკუპაციის სიმბოლო წავიდა

დათა ვანიშვილი, რომელიც სოფელ ხურვალეთში მავთულხლართების მიღმა ცხოვრობდა, ამ მავთულხლართების მიღმა დაკრძალეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მას მხოლოდ ოჯახის წევრები და რამდენიმე ახლობელი მიაცილებდა, რომლებსაც პირობითი საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე საათით მიეცათ. დათა ვანიშვილის სახლთან მავთულხლართები 2011 წელს გაავლეს, რის შემდეგაც მისი სახლი და ეზოს ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მან სახლი არ მიატოვა და არც საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი. ათი წლის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზთან მისულ სტუმრებს სწორედ დათა ვანიშვილი უყვებოდა საკუთარ გასაჭირსა და მავთულხლართების მიღმა დარჩენილთა პრობლემებზე.


დათა ვანიშვილის ბოლო სურვილის შესახებ – არასდროს მიატოვოს სახლი, ნათესავებს მისი მეუღლე უყვება. ახლობლის დაკარგვის ტკივილს ეს მავთულხლართები კიდევ უფრო აღრმავებს. 10 წლის წინ გავლებული ეკლიანი მავთულები დათა ვანიშვილთან გამოსამშვიდობებლად მხოლოდ რამდენიმე ნათესავმა გადაკვეთა, ისიც მცირე დროით.

“წუთიერად აქ მაინც დაასვენონ ღობესთან, რომ ორიოდე სიტყვით დავიტირო. ვხედავ, რომ სხვა არაფერი შეგვიძლია. ერთადერთი კაცი იყო იქეთ, რომელსაც მთელი სანათესაო, შვილები აქეთ ჰყავდა. თავად აქ გადმოსვლა უჭირდა. რამდენჯერ ჰქონდა ამ მავთულხლართების გამო დაჩეხილი ხელები. სისხლიან ხელებს თავად იხვევდა” – ამბობს დათა ვანიშვილის ნათესავი ქეთო ცერცვაძე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში რამდენიმე საათით, სამძიმარზე შეუშვეს.

“სადაც დავიბადე იქ უნდა მოვკვდე და იქ უნდა დავიმარხოო. აქედან მე არსად წავალო. მართლაც არსად წავიდა. თავის სახლში გარდაიცვალა” – ამბობს დათა ვანიშვილის დაკრძალვაზე მისული ნათესავი ჟუჟუნა ცერცვაძე.

ახლობლების ნაწილმა დათა ვანიშვილის ეზოში შესვლა მისი დაკრძალვის დღესაც ვერ შეძლო. უკანასკნელ გზაზე ის მხოლოდ შორიდან გააცილეს. ოკუპაციასთან მებრძოლი მოხუცი, პირობითი საზღვრის აქეთ დარჩენილმა მეზობლებმაც ვერ დაიტირეს.

“მინდა, რომ მივიდე ბიძაჩემის სახლში. პატივი მივაგო მის ხსოვნას. სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მეძლევა. ეს დღეები აქ ვდგავარ, თუმცა არ მომეცა საშუალება, სახლში გადავიდე” – ამბობს დათა ვანიშვილის ძმისშვილი ზვიად ვანიევი.

“მავთულხლართების აქეთ როცა უნდოდა გადმოსვლა, ვერ ახერხებდა. ხან პურს მივაწვდიდით აქეთ დარჩენილი მეზობლები, ხან სხვა პროდუქტს. ვეხმარებოდით, როგორც შეგვეძლო. ახლა კი გული გვტკივა, რომ ახლოს ვერ მივდივართ და ვერ ვეთხოვებით” – ამბობს დათა ვანიშვილის მეზობელი ელენე მაყიშვილი, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა.

როგორც დათა პაპა ამბობდა, მას ხშირად სთავაზობდნენ დაეთმო საქართველოს მოქალაქეობა და რუსული პასპორტი აეღო. იგი ამას არასდროს დათანხმებია. ათასი თხოვნის მიუხედავად, არც გორში წასულა შვილთან საცხოვრებლად. ამბობდა, რომ სახლს რომელიც თავისი ხელით ააშენა, არასდროს დატოვებდა. მეუღლესაც ეს უანდერძა.

“სიკვდილის წინ ხელებზე მაკოცა და მეხვეწებოდა, როგორც მე არ დავტოვე ჩემი სახლი და მამული, ისე არ დატოვო შენცო. არავისთან წავალ. ჩემი ძმებიც აქ არიან, ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდნენ. ბიძაშვილებიც, შვილებიც, მაგრამ მე არსად წავალ, არავის გავყვები, სახლს არ დავტოვებ” – ამბობს დათა ვანიშვილის მეუღლე ვალია ვანიშვილი.

დათა ვანიშვილი ოკუპირებულ მიწაზე დაკრძალეს. არავინ იცის, რამდენ ხანს დასჭირდება მის ოჯახს მოხუცის საფლავზე მისასვლელად ე.წ. მესაზღვრეების ნებართვა. თუმცა იმედად ერთი ადამიანი მაინც დატოვა მავთულხლართების მიღმა – მოხუცი მეუღლე ვალია, რომელიც ამბობს, რომ დათას სახლს არასდროს დატოვებს.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend