ორ ქვეყანას შორის, ათწლეულების განმავლობაში მზარდი დაძაბულობის მოგვარებას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი „სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარებითა და სხვადასხვა სფეროში შეთანხმებების გაფორმებით ცდილობს.
კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურთა შორის პირველია, ვინც ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია და მის პირველ პირებს შეხვდა.
„კონსტრუქციული“ და „დადებითი“ – ასეთი იყო ორი ქვეყნის ლიდერთა შეფასება მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, სადაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა.
„18 თვის წინ ჩემი მთავრობის ფუძემდებლურ პრინციპად დავისახე ის, რომ გაერთიანებული სამეფო კვლავ გარე სამყაროსკენ გაიხედებოდა და ხელახლა ჩაერთვებოდა მსოფლიოსთან ურთიერთობაში, რადგან როდესაც გლობალური მოვლენები ყველაფერზე მოქმედებს, დაწყებული სუპერმარკეტების თაროებზე ფასებით, ჩვენ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილებით და დამთავრებული ჩვენი უსაფრთხოებით, – სწორედ ასე შეგვიძლია შევასრულოთ ყველა ვალდებულება ბრიტანელი ხალხისთვის…
ახლა ეს ნიშნავს, ვიყოთ მეტად გახსნილები და გულწრფელნი, პირდაპირ განვიხილოთ ყველა უთანხმოება და პრობლემა. ეს ასევე ნიშნავს თანამედროვე ჩინეთის აღიარებასა და პატივისცემას ყოველმხრივ, როგორც ზესახელმწიფოსი, რომლის ბედი პირდაპირ არის დამოკიდებული გაერთიანებულ სამეფოზე…
მინდა, გავიმეორო ჩინური ანდაზა, რომელიც, ჩემი აზრით, ზუსტად ასახავს ჩემს სათქმელს: „მიისწრაფოდეთ საერთო მიზნებისკენ, განსხვავებების შენარჩუნებით“. სწორედ ამისკენ მივისწრაფვით ჩვენც“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.
„ჩინეთი მზად არის, ეს ვიზიტი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, გააძლიეროს პოლიტიკური ორმხრივი ნდობა გაერთიანებულ სამეფოსთან, გააღრმაოს პრაქტიკული თანამშრომლობა, დაიწყოს ახალი თავი ჩინეთ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების ჯანსაღი და სტაბილური განვითარებისთვის და ერთად შეიტანოს სათანადო ძალისხმევა და წვლილი მსოფლიო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში“, – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გო ძიაკუნმა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2024 წლის ივლისში არჩეულმა კირ სტარმერმა, უფლებამოსილების შესრულების პირველივე დღეებიდანვე განაცხადა, რომ ლონდონსა და პეკინს „ესაჭიროებათ თანმიმდევრული და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“.
წელიწად-ნახევრის შემდეგ უკვე ჩინეთში ვიზიტისას, მან ეს სიტყვები გაიმეორა ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც. ბიზნესის წახალისება ლონდონისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბრიტანეთის ეკონომიკის შენელებული ზრდის ფონზე:
„ერთობლივი მოქმედებების შედეგად, ჩვენ შევძელით ტარიფების ორჯერ შემცირება ვისკიზე, ასევე მივაღწიეთ ბრიტანელებისთვის ჩინეთში უვიზოდ გადაადგილებას…
მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი დელეგაცია, რომელიც გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კომპანიების, ასევე კულტურის, სპორტისა და ხელოვნების სფეროების საუკეთესო წარმომადგენლებისგან შედგება.
ამიტომ, მივმართავ ჩვენს ჩინელ კოლეგებს: გთხოვთ, გამოიყენეთ შესაძლებლობა, გაესაუბროთ ჩვენს დელეგაცია, რადგან ასეთი სახის ურთიერთდამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მტკიცედ მჯერა, რომ რაც უფრო მეტად ასეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რაც უფრო მეტ გამოცდილებას გავუზიარებთ ერთმანეთს და რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ შესაძლებლობებს ბიზნესის, ხელოვნების, კულტურისა და ბევრი სხვა რამისთვის, მით უფრო მეტად განვამტკიცებთ ერთმანეთისადმი ნდობასა და პატივისცემას…
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენ ყველა ერთმანეთს ესაუბრებოდეთ“.
ჩინეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური უთანხმოება არაერთ წელს ითვლის. პოლიტიკური დაძაბულობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
ქვეყნებს შორის ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში არსებული მდგომარეობა, კერძოდ ჰონკ-კონგში, რომელიც 1997 წლიდან პეკინის კონტროლქვეშ მოექცა, ჩინურმა კომუნისტურმა მმართველობამ კი რეპრესიული მოქმედებები დაიწყო.
მოგვიანებით, ქვეყნებს შორის კავშირები მეტად გაამწვავა გაერთიანებულ სამეფოში ჩინური ჯაშუშობის საფრთხეებმა, რა დროსაც ურთიერთგადაბრალებების ფაზა დაიწყო.
ლონდონისა და პეკინის პოზიციები მკვეთრად განსხვავებული რჩება უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების საკითხზე. მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი ცდილობს, სხვადასხვა დიპლომატიური არხის მეშვეობით ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, ჩინური მხარე ან თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან ან კრემლის მოკავშირეობას ირჩევს.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დაბრუნების შემდეგ მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის დღის წესრიგში დადგა საკუთარი სტრატეგიული მიზნების გადახედვა და ახალი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ძიება.
ამ გზას უკვე მიმართა და პეკინთან დაახლოება გადაწყვიტა ვაშინგტონის მოკავშირე რამდენიმე ქვეყანამ – სამხრეთ კორეის, კანადისა და ფინეთის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ქვეყანაა.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეში ჩინეთს ეწვევა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და, სავარაუდოდ, ბერლინიც გადახედავს აზიურ სახელმწიფოსთან ურთიერთობების დათბობის პერსპექტივას.
შესაძლოა, მსგავსმა ტენდენციამ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჩინეთთან დაახლოებული სახელმწიფოების წინააღმდეგ ტარიფების გაზრდისკენ უბიძგოს, რადგან თეთრ სახლს მსოფლიოში ჩინური, ირანული და რუსული გავლენების ამოსაძირკვად ბრძოლა აქვს დასახული მიზნად.
ყოველ შემთხვევაში, დონალდ ტრამპი უკვე დაემუქრა კანადას 100%-იანი ტარიფების დაწესებით, თუკი ქვეყანა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევს.


