მთავარიევროპაუკრაინადონალდ ტრამპის თქმით, რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას დროებით შეაჩერებს

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას დროებით შეაჩერებს

დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი კიევზე დარტყმის შეჩერებაზე დაითანხმა, თუმცა ერთი კვირით, ვიდრე ქვეყანაში დიდი ყინვაა. მორატორიუმის თაობაზე კრემლი ამ დრომდე არაფერს ამბობს.

„ძალიან ძლიერი ყინვის გამო და იქ ამ მხრივ ჩვენს მსგავსად რთული სიტუაციაა, მე პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს არ დაბომბოს კიევი თუ სხვა ქალაქები და სოფლები კვირის განმავლობაში, ვიდრე ეს რეკორდულად უჩვეულო ამინდებია. და ის დამთანხმდა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მესიამოვნა. მანამდე მეუბნებოდნენ, რომ დრო ფუჭად არ დამეხარჯა და ის არ დამთანხმდებოდა, თუმცა ის დამთანხმდა და მე ძალიან მოხარული ვარ, რადგან ყველაფერთან ერთად, ქალაქებსა და სოფლებზე რაკეტების ცვენა ის არაა, რაც ახლა უკრაინას სჭირდება. უკრაინამაც არ დაიჯერა, თუმცა ძალიან გაუხარდათ, რადგან რთული პერიოდი უდგათ“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

რუსეთის საჰაერო იერიშებმა უკრაინაზე მხოლოდ იანვარში მილიონი ადამიანი დატოვა ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე. სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება და ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ენერგეტიკულ ბლოკადაში კიევში 700 საცხოვრებელი რჩება. ეს კი ცივი ზამთრის პიკში. სწორედ ამიტომ ვაშინგტონიდან მიღებულ ამბავს უკრაინის პრეზიდენტი პოზიტიურად შეხვდა და იმედი გამოთქვა, რომ სიტყვები რეალობად იქცევა.

„მადლობა ამერიკას, ენერგეტიკაზე იერიშების შეწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. იმედი გვაქვს, რომ ამერიკა ამას მართლაც შესაძლებელს გახდის. უკვე მოვისმინეთ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტისგან. ვითარება ამაღამ და მომდევნო დღეებში, რეალური მდგომარეობა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ქალაქებში გვაჩვენებს, თუ როგორ დგას საკითხი. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი დელეგაციები კავშირზე არიან ჩვენს პარტნიორებთან ამერიკიდან – რეალურად ეფექტურ ფორმატებისა და საჭირო შედეგების ირგვლივ. უკრაინა მზადაა შეხვედრებისთვის, გადაწყვეტილებებისთვის, ველით, რომ ჩვენი პარტნიორები იმოქმედებენ მაქსიმალურად ეფექტურად, ევროპაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში“, – თქვა უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მოლაპარაკებებში პოზიტიურ გზავნილებზე საუბრობენ არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ კიევსა და მოსკოვშიც. თუმცა ამ მხრივ თეთრი სახლი მაინც განსაკუთრებით გამოირჩევა. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივენ უიტკოფი რუსეთსა და უკრაინას შორის აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. უქმეებზე შემდგარი ეს შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკებებში აშშ-იც მონაწილეობდა.

„აბუ-დაბიში 5 რუს გენერალს ვესაუბრეთ და ვთვლით, რომ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. შეხვედრა გაგრძელდება, მანამდე კი ბევრი კარგი რამ ხდება მიწებთან დაკავშირებული გარიგების ირგვლივ,რომელსაც მხარეები ერთად ამუშავებენ. თითქმის დავასრულეთ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა უკრაინასთან, თითქმის დასრულებულია კეთილდღეობის შესახებ გარიგებაც. ვფიქრობ, უკრაინელები იმედიანად არიან განწყობილნი, ელიან, რომ ჩვენ მალე მივაღწევთ სამშვიდობო შეთანხმებას“, – განუცხადა დონალდ ტრამპს მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში სტივენ უიტკოფმა.

აბუ-დაბიში მორიგი შეხვედრა უკვე 1-ელ თებერვალს გაგრძელდება. კრემლში მის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობებს ღიად ტოვებენ. ამასთან მიუთითებენ, რომ მზად არიან მაღალი დონის შეხვედრებისთვისაც, თუმცა კვლავ საკუთარი პირობებით, ანუ კრემლში.

„მოლაპარაკებების შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. გეტყვით, რომ დეტალები შეთანხმდება შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ანუ კვირა დღემდე შეჯერდება მოდალობები. არსებითად ეს არაფერს შეცვლის, თუმცა რაღა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება, რათა დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობამ იარსებოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის შესუსტებისა და უკრაინის გაძლიერების მიმართულებით აქტიურია ევროპა, სადაც ბოლო  შეხვედრაზე ევროკავშირმა რუსეთი შავ სიაში შეიყვანა, როგორც ფულის გათეთრების მაღალი რისკის მქონე ქვეყანა, ეს კი რუსულ ბანკებს ტრანზაქციებს გაურთულებს, რუსეთის მოქალაქეებს კი ევროპის ბანკებში მეტ დაბრკოლებებს შეუქმნის. მუშაობა გრძელდება მეოცე სასანქციო პაკეტზეც, ისევე როგორც ახალ შეზღუდვაზე ყოფილი რუსი მეომრებისთვის, რათა მათ შენგენის ზონაში შესვლა ვეღარ შეძლონ. ამასთან ბრიუსელმა გუშინ დამატებით 50 მილიონი ევრო და 500 გენერატორი გამოუყო უკრაინას ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა ამერიკელებთან. ნათელია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს ნებისმიერი ქმედითი შეთანხმების მონაწილე, რადგან ეს ომი აქაა. ვხედავთ, რომ ამერიკელები უკვე თითქმის ერთი წელია, აღარ ეხმარებიან უკრაინას,  ამას ახლა ევროპა აკეთებს, რათა უკრაინამ თავი დაიცვას. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი”, – ამბობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი.

ამ დროისთვის უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მთავარი სადავო საკითხი ტერიტორიებია, გადასაწყვეტი რჩება დონბასისა და ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის მომავალი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend