თუ ტერორისტივით მოქმედებ, შესაბამისი პასუხიც უნდა მიიღო – ეს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილია ირანის მისამართით.
საპროტესტო აქციების სისხლიან ჩახშობაზე საპასუხოდ ევროკავშირი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას განიხილავს. მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანს პოტენციური თავდასხმით ემუქრება, ევროკავშირის ეს ნაბიჯი ისლამურ რესპუბლიკაზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს.
ვაშინგტონის მუქარაზე საპასუხოდ, თავის მხრივ, ირანმაც განაცხადა, რომ შეუძლია პრევენციული დარტყმა ან ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელოს ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებსა და ისრაელზე.
კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სანქციების დაწესება „მოსალოდნელია“ და „ეს მათ ალ-ქაიდას, „ჰამასისა” და ისლამური სახელმწიფოს გვერდით დააყენებს“.
„სიაში სანქციების ახალ პაკეტს ვამატებთ და ველით, რომ შევთანხმდებით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტთა სიაში შეყვანაზე. ეს მათ „ალ-ქაიდას”, „ჰამასისა” და დაეშის გვერდით დააყენებს. თუ ტერორისტივით მოქმედებ, თავადაც ისე უნდა მოგექცნენ, როგორც ტერორისტებს ექცევიან. ნათლად ვხედავთ, რა ხდებოდა ირანში გამართულ დემონსტრაციებზე – დაღუპულთა რაოდენობა და რეჟიმის მიერ გამოყენებული მეთოდები მართლაც უკიდურესად მძიმეა. სწორედ ამიტომ ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ხალხის ჩაგვრას თავისი ფასი აქვს და ამისთვის სანქციებიც დაგეკისრება“, – განაცხადა კაია კალასმა.
ევროკავშირის კანონმდებლობით, სანქციების დასაწესებლად ბლოკის 27-ივე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. ეს ბრიუსელის შესაძლებლობას, სრულად გამოეყენებინა საკუთარი ეკონომიკური ბერკეტები, რუსეთის შემთხვევაშიც უშლიდა ხელს.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ყველა ევროპული სახელმწიფო არ ეთანხმება. მოწინააღმდეგეებს შორის ორიოდე დღის წინ საფრანგეთიც იყო, რადგან შიშობდა, რომ ეს ირანში დაკავებულ საფრანგეთის მოქალაქეებსა და დიპლომატიურ მისიებს საფრთხეს შეუქმნიდა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ ხუთშაბათს, 29 იანვარს, ბრიუსელში განაცხადა, რომ საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებასა და რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას მხარს უჭერს, რადგან „ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი ვერ დარჩება“.
„საფრანგეთმა გუშინ განაცხადა, რომ რევოლუციური გვარდიის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას მხარს დაუჭერს, რადგან ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი ვერ დარჩება. საფრანგეთის ეს გადაწყვეტილება მოწოდებაც არის ირანის ხელისუფლებისადმი – გაათავისუფლონ ათიათასობით პატიმარი, რომლებიც რეჟიმის ციხეებში გამოამწყვდიეს, შეწყვიტონ სიკვდილით დასჯა და ირანის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძალადობრივი რეპრესიები, აღადგინონ კომუნიკაციები და ინტერნეტზე წვდომა და დაუბრუნონ ირანელ ხალხს შესაძლებლობა, თავად, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. ამას მათ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
გუშაგთა კორპუსი ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად შეიქმნა.
მისი გავლენა და ძალაუფლება 1980-იან წლებში ერაყთან ხანგრძლივი და დამანგრეველი ომის დროს გაიზარდა.

