მთავარიევროპაბელარუსიბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდა, ხორვატია - თავს იკავებს

ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდა, ხორვატია – თავს იკავებს

ბელარუსი დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილ „მშვიდობის საბჭოს“ უერთდება. ალექსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლება აცხადებს „ურთიერთპატივისცემისა და სახელმწიფოთა ეროვნული ინტერესების დაცვის საფუძვლებზე, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობისთვის მზაობის შესახებ“ – ეს კი იმ ფონზე, როდესაც ბელარუსი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.

ჯერჯერობით უცნობია, გადაიხადა თუ არა მინსკმა საბჭოს მუდმივი წევრობისთვის აუცილებელი 1 მილიარდი ამერიკული დოლარი, თუმცა „მშვიდობის საბჭოს“ სოციალურ პლატფორმებზე ბელარუსის გადაწყვეტილებას განსაკუთრებულად შეხვდნენ და დაწერეს, რომ მიესალმებიან მას როგორც „მზარდი საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელ წევრს“.

მიუხედავად უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის მხარდაჭერისა და იმ გარემოებისა, რომ ბელარუსმა მოსკოვს გასულ თვეს დართო ნება, საკუთარ ტერიტორიაზე განეთავსებინა ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკი“, ალექსანდრ ლუკაშენკა პერიოდულად კრემლსა და კიევს შორის „მშვიდობის მსურველის“ როლის მორგებას ცდილობს.

ამავე დროს, ბელარუსის პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ მას „საერთოდ არ აინტერესებს დასავლეთი“, ახლა კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ საბჭოს შეუერთდა.

საბჭოში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია მინსკის მოკავშირე მოსკოვს, რომელიც დონალდ ტრამპმა ასევე მიიწვია და რამაც რიგი სახელმწიფოების შეშფოთება გამოიწვია. ისინი ცუდ იდეას უწოდებენ ერთ სივრცეში იმ ქვეყნის ლიდერთან ყოფნას, ვინც არ აპირებს დასთანხმდეს მშვიდობას და 2022 წლიდან სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

ბელარუსისგან განსხვავებით, „მშვიდობის საბჭოს“ არ უერთდება ხორვატია. ბალკანური სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა კონკრეტული არ დაუსახელებია.

მისივე თქმით, ხელისუფლების პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებამდე მათ „სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს“, რა პროცესშიც ჩართული იყო ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი.

ჯერჯერობით დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მხოლოდ უნგრეთი შეუერთდა.

ვიქტორ ორბანის ხელისუფლება, რომელსაც დასავლეთში უფრო მოსკოვის მოკავშირეს უწოდებენ, ვიდრე ბრიუსელისა, სკეპტიკურად არის განწყობილი ომში უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებისადმი და ხშირად აკრიტიკებს კიევის პოლიტიკას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend