სირიის დროებითი ლიდერი ოთხშაბათს, 28 იანვარს, მოსკოვში ჩავიდა. ეს ბოლო ოთხ თვეში უკვე მეორედ ხდება. აჰმედ ალ-შარაა ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისთვის სტუმრობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ალ-შარაას მოსკოვსა და დამასკოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილი შეუქო და ეკონომიკური, სამრეწველო და ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
მანვე თქვა, რომ რუსეთი მზადაა, ათწლეულზე ხანგრძლივი ომის დასრულების შემდეგ სირიის აღდგენაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
„ახლა, ამ ახალ რეალობაში, პირველ რიგში თქვენი ძალისხმევის წყალობით, სირიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვითარდება. უკვე ვახსენე ეკონომიკური კომპონენტი – ნამდვილად ბევრი საკითხია განსახილველი. დღევანდელ ვიზიტს აუცილებლად გამოვიყენებთ ამ თემებზე მსჯელობისთვის.
ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი – როგორც სამრეწველო, ისე ჰუმანიტარულ მიმართულებებით. ეს მოიცავს სპორტს, მედიცინასა და მშენებლობას. ვიცი, რომ სირიაში ბევრი რამ არის აღსადგენი და ჩვენი ეკონომიკური ოპერატორები, მათ შორის სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, ამ ერთობლივი სამუშაოსთვის მზად არიან“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა ალ-შარაას ძალისხმევაც სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს თქვენს ძალისხმევას სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და გვინდა მოგილოცოთ ის დინამიკა, რომელსაც ეს პროცესი იძენს. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას – თქვენ ეს იცით. ამ მიმართულებით თქვენს ყველა ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. იმედი მაქვს, რომ ევფრატის რეგიონის ინტეგრაცია ამ გზაზე უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია და სირიის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას შეუწყობს ხელს“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზების მომავალი უნდა ყოფილიყო.
სირიის დროებითი პრეზიდენტი რუსეთს პირველად ოქტომბერში ეწვია. იგი 2024 წლის დეკემბერში სათავეში ედგა აჯანყებულთა შეტევას, რომელმაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, ჩამოგდება შეძლო გამანადგურებელ სამოქალაქო ომში მოსკოვის მრავალწლიანი მხარდაჭერის მიუხედავად.
რუსეთს, რომელიც ძირითადად უკრაინაში მიმდინარე ბრძოლაზე იყო ორიენტირებული და სირიაში მხოლოდ მცირე სამხედრო კონტინგენტი ჰყავდა დატოვებული, აჯანყებულთა შეტევის შეჩერება არ სცადა, თუმცა ასადის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ მას თავშესაფარი მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას სხვადასხვა მხარეს იყვნენ, დამასკოს დროებითი ხელისუფლება მოსკოვთან ურთიერთობის განვითარებისთვის მზადყოფნას გამოხატავს – აშკარა იმედით, რომ ეს თანამშრომლობა ომით განადგურებული ქვეყნის აღდგენას შეუწყობს ხელს და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას შექმნის.
კრემლისთვის სირიის სანაპიროზე საზღვაო და საჰაერო ბაზების შენარჩუნება არსებითად მნიშვნელოვანია – ეს რუსეთის ერთადერთი მსგავსი სამხედრო პუნქტებია ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ.
რუსეთის ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ ჰმეიმიმის ავიაბაზისა და ტარტუსის საზღვაო ბაზის შენარჩუნების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება.

