მთავარიამერიკააშშაშშ აცხადებს, რომ მსოფლიოში „ირანული, ჩინური და რუსული გავლენის“ განადგურებას გეგმავს

აშშ აცხადებს, რომ მსოფლიოში „ირანული, ჩინური და რუსული გავლენის“ განადგურებას გეგმავს

მსოფლიოში ირანული, ჩინური და რუსული გავლენის გასანადგურებლად ვაშინგტონის გეგმები სულ უფრო მკაფიო ხდება.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკული სამხედრო ძალების რაოდენობა იზრდება და ისინი სრულად არიან მზად თეირანის მხრიდან პოტენციურ თავდასხმებზე შესაბამისი პასუხის გასაცემად.

პასუხი კი, როგორც თეთრ სახლში ამბობენ, ბევრად მძლავრი იქნება, ვიდრე 2025 წლის ივნისში ჩატარებული ოპერაცია სახელწოდებით „შუაღამის ურო“.

სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შესაძლოა, ირანში დაწყებული ფართომასშტაბიანი პროტესტი ჩაცხრა, თუმცა ეს „დროებითია და მომავალში კვლავ განახლდება, რადგან მოქმედი რეჟიმი არ იქნება მზად ძალაუფლების დასათმობად“:

„ვიმედოვნებ, არ მოგვიწევს დარტყმის განხორციელება, თუმცა ირანის მხრიდან ჩვენს სამხედრო პერსონალზე პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში, ნათლად ჩანს, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რეგიონში განვათავსოთ დამატებითი ძალები. მათ აქვთ ათასობით ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თავადვე შექმნეს ეკონომიკის სრული კოლაფსის მიუხედავად და განაგრძობენ ამაზე ფულის ხარჯვას…“

სენატში სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანს ოპონენტებმა ჰკითხეს, რა გეგმები აქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებზე.

მაგალითად, კუბაში, რომლისთვისაც შეერთებულ შტატებს ემბარგო აქვს დაწესებული და რომელიც ითვლება მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ:

„როდესაც რეჟიმის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალის გამოყენებაზე, თუმცა ხშირად დამორჩილების სხვა მეთოდებსაც. არც კი ვამბობ, რომ ეს ყოველთვის არ არის ჩვენს ინტერესში. უბრალოდ ვამბობ, რომ არ გეკითხებით, ვამჯობინებდით თუ არა სხვა ხელისუფლებას. გეკითხებით, ცდილობთ თუ არა თავდასხმას მოქმედ რეჟიმზე?“ – ჰკითხა მარკო რუბიოს „დემოკრატმა“ სენატორმა, ბრაიან შაცმა, რაზეც სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ „ეს კანონით არის განმტკიცებული. ჰელმს-ბერტონის კანონი, კუბაზე ამერიკული ემარგო არის კანონმდებლობაში აღბეჭდილი. ემბარგოს მოხსნაზე აუცილებელია რეჟიმის შეცვლა“.

სენატორთა განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო ვენესუელა, სადაც მართვის სადავეებთან ახლა დროებითი პრეზიდენტია, ყოფილი კი ამერიკულმა ძალებმა, სულ რამდენიმესაათიანი სპეციალური ოპერაციის ფარგლებში 3 იანვარს აიყვანეს და მეუღლესთან ერთად, ამერიკულ მართლმსაჯულებას გადასცეს.

ვაშინგტონში ამ ნაბიჯს უწოდეს „ვენესუელელი ხალხის გათავისუფლების“ ერთადერთი დარჩენილი გზა, რადგან, როგორც ამბობენ, ნიკოლას მადუროს მისთვის შეთავაზებულ არც ერთ ვარიანტს არ დასთანხმდა.

„არაერთხელ ვეცადეთ, დაგვერწმუნებინა მადურო, ნებაყოფლობით წასულიყო. წინსვლის გზაზე ის წინაღობას წარმოადგენდა. რაზეც ახლა ვსაუბრობთ – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ნავთობინდუსტრიის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა, ირანული, რუსული თუ ჩინური გავლენის შესუსტება – აქედან არაფრის შესრულება არ იყო შესაძლებელი, ვიდრე მადურო იყო ხელისუფლებაში. ამიტომ ეს იყო პრეზიდენტისთვის ხელმისაწვდომი ვარიანტებიდან ერთ-ერთი, მას შემდეგ, რაც ამ ადამიანის ძალაუფლებიდან ჩამოშორების ყველა სხვა რესურსი ამოიწურა.

არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ყველაფერი იქნება იდეალურად, თუმცა 20 წლის განმავლობაში პირველად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ვენესუელის ხელისუფლებასთან ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

პირველად 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებთ სერიოზულ მოლაპარაკებებს ირანული, ჩინური და რუსული გავლენების შესამცირებლად და ამოსაძირკვად…“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ამერიკულ მხარესთან გაუმჯობესებულ ურთიერთობას ადასტურებენ კარაკასშიც. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ შტატებთან აქტიური თანამშრომლობით შეძლებენ დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებული პრობლემების გადაჭრას – მათ შორის სასიცოცხლოდ აუცილებელი ენერგოსექტორის განვითარებას.

განსხვავებული პოზიცია აქვს კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს, რომელმაც დონალდ ტრამპს მოუწოდა, ნიკოლას მადურო კვლავ ვენესუელაში დააბრუნოს და, საჭიროების შემთხვევაში, მას კარაკასის იურისდიქციამ აგებინოს პასუხი დანაშაულებრივ ქმედებებზე.

კოლუმბიის პრეზიდენტი თვლის, რომ ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციით ვაშინგტონმა ნიკოლას მადურო „გაიტაცა“ და „ხელში ჩაიგდო“ ქვეყნის სუვერენიტეტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend