მთავარიევროპაუკრაინარუსულმა ძალებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე ქალაქზე იერიშები მიიტანეს

რუსულმა ძალებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე ქალაქზე იერიშები მიიტანეს

კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით,  კიევის გარეუბანში, ბილოჰოროდკის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად ახალგაზრდა წყვილი დაიღუპა.

ხელისუფლების ცნობით, მაშველებმა შენობიდან მათი ოთხი წლის შვილის გამოყვანა მოახერხეს.

თავდასხმის შედეგად  დაზიანდა დაახლოებით 50 ბინა.  სამედიცინო დახმარება  ოთხ ადამიანს, მათ შორის ორ ბავშვს, გაეწია.

ამასთან, საგანგებო სამსახურების ცნობით, დედაქალაქ კიევში 17-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა სახურავი და ჩაიმსხვრა ზედა სართულების ფანჯრის მინები.

რუსეთმა ქვეყნის ენერგოსისტემაზეც მიიტანა იერიში. ამჟამად კიევის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თავდასხმას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„დღეს კიევის რეგიონში რუსებმა ქალი და მისი ქმარი დახოცეს. ისინი  საკუთარ ბინაში იყვნენ. ვუსამძიმრებ მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ოთხი წლის ბავშვი გადარჩა. მინდა, მადლობა გადავუხადო მარიან კუშნირს, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს, ომის კორესპონდენტს, რომელმაც გაბედულად იმოქმედა და ეს პატარა გოგონა გადაარჩინა. ომი რომ დასრულდეს, მასშტაბური დიპლომატიური ძალისხმევაა მიმართული, ამერიკელები რუსებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ამას ცდილობენ ევროპელებიც – ამ სიტუაციაში დიპლომატიას ხალხისთვის რეალური წონა და რეალური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. როდესაც რუსეთი აგრძელებს იერიშებსა და თავდასხმებს, ხალხს უჭირს იმის დაჯერება, რომ დიპლომატია კონსტრუქციულია ან რაიმე  შედეგს მოიტანს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამასთან, 28 იანვრის ღამით რუსეთმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ზაპორიჟიაზეც მიიტანა იერიში. დაშავებულია ექვსი ადამიანი, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუბერნატორ ოლეჰ კიპერის განცხადებით, რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა ოდესის სამხრეთ რეგიონში პორტის ინფრასტრუქტურაზე,  რის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა  ერთი ბალისტიკური რაკეტითა და 146 დრონით, რომელთაგან 103 ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend