ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგეგმება ღაზისა და ეგვიპტის დამაკავშირებელი რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის შეზღუდულად გახსნა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ისრაელს ღაზაში დარჩენილი ბოლო მძევლის ცხედარი გადასცეს. ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიხსნება გადასასვლელი ღაზის სამხრეთ ქალაქ რაფაჰში.
მისივე განმარტებით, გადასასვლელი იმუშავებს მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის და არ იქნება გამოყენებული ტვირთების გადასაზიდად. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი არ შეუშლის ხელს იმ პალესტინელებს, რომელთაც ტერიტორიის დატოვება სურთ, თუმცა გადაადგილების მსურველები უსაფრთხოების მკაცრ შემოწმებას გაივლიან.
„რაფაჰის გადასასვლელი ორივე მიმართულებით გაიხსნება. შემოსვლაც და გასვლაც იქნება შესაძლებელი. ჩვენ არავის შევუშლით ხელს ტერიტორიის დატოვებაში. რაფაჰის გადასასვლელის გახსნაზე შევთანხმდით ჯერ კიდევ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში, გაიხსნება ნაწილობრივ უსაფრთხოების წესების დაცვით. გადაადგილება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებისთვისაა შესაძლებელი და ყველა გამავალი თუ შემომავალი გაივლის დეტალურ შემოწმებას“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
რაფაჰის გადასასვლელი, რომელსაც ომის დაწყებამდე ისრაელი სრულად არ აკონტროლებდა, ღაზისთვის ერთადერთი დამაკავშირებელია გარე სამყაროსთან. მისი გახსნით აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზა დაიწყება.
გადასასვლელის ამოქმედება პალესტინელებისთვის გაამარტივებს სამედიცინო დახმარების მიღებას, საერთაშორისო მოგზაურობასა და ეგვიპტეში მცხოვრებ ნათესავებთან ვიზიტს. ეგვიპტეში დღეს ათიათასობით პალესტინელი ცხოვრობს. ამასთან, რაფაჰის გახსნა შესაძლოა დადებითად აისახოს ღაზის უმძიმეს ეკონომიკაზეც. რადგან პალესტინაში წარმოებულ პროდუქციაზე, მათ შორის ზეითუნის ზეთზე, ეგვიპტესა და არაბულ ქვეყნებში მოთხოვნა მაღალია.

