8 პირი, რომელსაც რუსეთის სასამართლომ მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისა და რუსულ ტერიტორიას შორის დამაკავშირებელი ხიდის აფეთქების საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მოითხოვს ჩართონ პატიმრების გათავისუფლების შესახებ იმ ნებისმიერ შეთანხმებაში, რომელსაც, შესაძლოა, მხარეებმა მიაღწიონ 4-წლიანი სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად.
რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ თანახმად, საქმის ფარგლებში დაკავებულმა რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებმა ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს ვლადიმერ პუტინს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, პატიმრობაში მყოფი რვავე პირი თავს უწოდებდა „რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობდნენ ლუკმა-პურის საშოვნელად, ქირის გადასახდელად და ბავშვების ჩასახუტებლად“, ახლა კი ისინი „ტერორისტებად“ შერაცხეს და „გაწირეს რუსული ციხეების საკნებში ნელი, დამამცირებელი სიკვდილისთვის“.
დასკვნით სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობისას, უკვე მსჯავრდადებულებმა თქვეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ, რადგან არ იცოდნენ, რომ ხიდზე სატვირთო მანქანის გადაადგილებისას, სამშენებლო მასალებთან ერთად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდათ.
პატიმრობაში მყოფთა შორის არიან ერთ-ერთ ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი სანქტ-პეტერბურგიდან, ასევე ფერმერები და ხილ-ბოსტნეულის გამყიდველები მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან.
როსტოვის ოლქის სასამართლომ მათ საქმეზე განაჩენი 2025 წლის ნოემბერში გამოაცხადა.
ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდი, რომელიც კრემლის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულისა და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული რუსული აგრესიის სიმბოლოდ იქცა, კიევის იერიშების სამიზნედ არაერთხელ იქცა. 2022 წელს განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 5 პირი, ხიდის კონსტრუქცია კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. განმეორებითი თავდასხმები მოხდა 2023 და 2025 წლებში – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ეს იყო მათი პასუხი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მოსკოვის სასტიკ და ძალადობრივ ომზე.
ყველა ეს შემთხვევა რუსულმა მხარემ „ტერორისტულ თავდასხმებად“ შეაფასა იმ ფონზე, როდესაც უკვე მეოთხე წელია, განუწყვეტლივ თავს ესხმის უკრაინაში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს, საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, სავაჭრო ცენტრებსა თუ ქრისტიანულ ტაძრებს.

