ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ინდოეთსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური და სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას.
შეთანხმების ოფიციალურ გამოცხადებამდე ინდოეთის პრემიერი შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.
ხელშეკრულება თითქმის ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. მხარეები ყველაზე მასშტაბურ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას დადებითად აფასებენ.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც ინდოეთის, ისე ევროპის მოქალაქეებისთვის. მისი თქმით, მხარეები გლობალური მშპ-ის დაახლოებით 25%-სა და მსოფლიო ვაჭრობის ერთ მესამედს წარმოადგენენ.
ახალი შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირს უფრო მეტად ექნება წვდომა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე, რაც ევროპელ ექსპორტიორებსა და ინვესტორებს საშუალებას მისცემს, ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული არასტაბილურ ბაზრებზე.
ინდოეთსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 2024–25 წლებში 136.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. მხარეები იმედოვნებენ, რომ ეს მაჩვენებელი 2030 წლისთვის დაახლოებით 200 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
ამავდროულად, ევროკავშირში გრძელდება უკმაყოფილება შეერთებული შტატების სავაჭრო პოლიტიკის მიმართ. ევროკავშირში სულ უფრო ხშირად საუბრობენ კონცეფცია „სტრატეგიულ ავტონომიაზე“, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ინდოეთში ჩასვლის შემდეგ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ შეთანხმება გახლეჩილ სამყაროს აჩვენებს, რომ ალტერნატიული გზა მაინც არსებობს.

