მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას...

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს. მთავარ მიზეზად მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები დასახელდა, რომლებიც ბოლო კვლევებით ახალგაზრდებს სწორედ სოციალურ ქსელებზე მავნე დამოკიდებულების გამო უვითარდებათ. საფრანგეთის მთავრობის მიერ ინიციირებულ ამ რეგულაციას  მძაფრი დებატები უძღოდა ფრანგ კანონმდებლებს შორის.

„სოციალური ქსელების დაპირება იყო ჩვენი დაკავშირება, თუმცა ამან ჩვენი ფრაგმენტაცია გამოიწვია. დაგვპირდნენ ინფორმირებას, თუმცა ინფორმაციული ნაკადით გადაგვტვირთეს. დაგვპირდნენ გართობას, თუმცა ჩარჩოებში ჩაგვსვეს. დასკვნა ნათელია: ჩვენი ბავშვები კითხულობენ ნაკლებს, მოძრაობენ ნაკლებს, სძინავთ ნაკლები და მეტად ადარებენ საკუთარ თავს სხვებს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მარტივ, თუმცა აუცილებელ ბრძოლაში, უარი ვთქვათ, ბავშვობა იქცეს ბაზრად, სადაც ჩვენი ახალგაზრდები ალგორითმების სათამაშო მოედანს წარმოადგენენ“, – აღნიშნა ლაურე მილერმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში კულტურისა და განათლების საკითხებზეა მომხსენებელი. ის ცენტრისტულ პარტიას წარმოადგენს.

„არასტაბილურობისა და აკადემიური წნეხის ფონზე, რაც მენტალური ჯანმრთელობისთვის ნეგატიური ფაქტორებია, თქვენ ართმევთ ახალგაზრდებს ერთადერთ ადამიანურ რესურსს რომელიც მათ მხარდაჭერას ემსახურება. ეს ვერ აგვარებს ვერც აკადემიური მოსწრების საკითხსა და ვერც ფსიქოლოგიურ გართულებებს, რადგან ამ მიმართულებით ყველა პოზიცია გააუქმეთ. სოციალურ მედიაში ამ შეზღუდვის გვერდის ავლა მარტივი იქნება და ახალგაზრდები კვლავ წააწყდებიან ალგორითმებს, ისინი გააგრძელებენ საშიში კონტენტის ხილვასა და განთავსებას. გვთავაზობთ კანონს, რომლის აღსრულებაც შეუძლებელია, ამის შემდეგ უბრალოდ ხელებს დაიბანთ, აღასრულებთ თქვენს პიარულ  მანევრს და საბოლოოდ ფასს ამაში გადაიხდიან ახალგაზრდები“, – თვლის უკვე ლუის ბოიარდი, მემარცხენე ფრთიდან.

ქვედა პალატის დასტურის შემდეგ საკითხი უკვე საფრანგეთის სენატში გადაინაცვლებს, რათა საბოლოოდ კანონად იქცეს. ის დავის საგანია, არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ სიბრტყეშიც. განათლებასა თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე მავნე გავლენით გამოწვეულ ტრენდს საფრანგეთშიც არაერთგვაროვნად ხვდებიან.

„სნაპჩატს, ტიტოკსა და ინსტაგრამს ყველაზე ხშირად ვიყენებ. 12 წლიდან მაქვს ფეისბუქიც, რომელსაც არ ვიყენებ. სოციალური ქსელები მომწონს, რადგან შემიძლია ბევრი რამ გავუზიარო ჩემს მეგობრებს, ახლა უკვე 15-ის ვარ, თუმცა ალბათ ძალიან გავბრაზდებოდი, ეს მეც რომ შემხებოდა, არ ვთვლი, რომ ეს საჭიროა, რადგან სოციალური მედიით ყველა ტკბება, არ ვთვლი, რომ ის უნდა აიკრძალოს საერთოდ ვინმესთვის. 13-14 წლის ადამიანები საკმაოდ დიდები არიან ამისათვის”, – აღნიშნა ბონი პრეტო ჟაკობმა, რომელსაც 15 წელი 2 კვირაში უსრულდება.

„სოციალურ მედიაში ყველა კონტენტი ძალიან მოკლეა, ის ასუსტებს ჩვენს უნარს, მოვახდინოთ კონცენტრაცია სკოლაში, ზოგადად მოკლე კონტენტი ააქტიურებს ჩვენს ემოციას და არა გონებას, ეს კი ამცირებს ხანგრძლივი რეფლექსიის ან საკითხებზე საფუძვლიანი ფიქრის უნარებს. ეს გვიბიძგებს ძლიერი ემოციებისკენ, ხშირად უმიზეზოდაც. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი ახალგაზრდები დაცულები უნდა იყვნენ, თუმცა ამან არ უნდა მიგვიყვანოს ახალგაზრდებისთვის ინფორმაციაზე წვდომის ეტაპობრივ შეზღუდვამდე. მსოფლიოსთან წვდომა აუცილებელია“, – თვლის 16 წლის ფელიქს ტრომპიზი.

ახალი რეგულაციებით გათვალისწინებულია სკოლებში სმარტფონების გამოყენებაზე აკრძალვაც. მიუხედავად ახალგაზრდების დიდი ნაწილის წინააღმდეგობისა, გამოკითხვები საფრანგეთში აჩვენებს, რომ  პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ამ ინიციატივას ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. მეტიც, მშობელთა ნაწილი კიდევ უფრო მკაცრი ზომების მომხრეც კია. თუმცა ამასთან ახალმა მიდგომებმა გააჩინა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება ამგვარი ნორმა გრძელვადიან პერსპექტივაში და როგორ განხორციელდება ის პრაქტიკაში. არსებობს რისკები, ახალგაზრდებმა შეზღუდვის გვერდის ავლის მიზნით უფრო საშიშ პლატფორმებს მიმართონ.

სოციალური ქსელების აკრძალვის კანონი უკვე მიიღეს ავსტრალიაში, იქ შეზღუდვები 16 წლამდე პირებს დაუწესდათ, შედეგად კი 5 მილიონამდე სოცმედია ანგარიში გაუქმდა. იგივე გეგმები აქვს დიდ ბრიტანეთსაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend