ისრაელში მოქალაქეებმა ღაზიდან გადმოსვენებული უკანასკნელი მძევლის, რან გვილის, ხსოვნას მიაგეს პატივი.
პოლიციამ რან გვილის ნეშტი ღაზის საზღვრიდან თელ-ავივში მდებარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში ისრაელის დროშებით გაფორმებული მიკროავტობუსით გადაასვენა.
პოლიციის თანამშრომელი 24 წლის რან გვილი 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლებთან შეტაკებისას დაიღუპა, რის შემდეგაც მისი ცხედარი ღაზაში გადაიტანეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რან გვილი გმირად მოიხსენია და დასძინა, რომ ღაზაში მძევლები აღარ არიან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ქნესეთში განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ღაზიდან უკანასკნელი მძევალი სამშობლოში გადმოასვენეს.
„ჩვენ შინ დავაბრუნეთ ჩვენი გმირი – რან გვილი. ღაზაში მძევლები აღარ არიან. ისრაელის მოქალაქეებო, მე დაგპირდით, რომ ყველა მძევალს სახლში დავაბრუნებდით. მსურს, მადლობა გადავუხადო გალ ჰირშს გაწეული სამსახურის გამო. მადლობას ვუხდი მთავრობის წევრებსა და ჩემს კოლეგებს მუდმივი მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და მათ გუნდს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ასევე ისრაელელებს ლოცვისა და გამხნევებისთვის. ჩვენ დავასრულეთ ეს მისია, როგორც დაგპირდით. ასევე დავასრულებთ სხვა ამოცანებსაც, რომლებიც დავისახეთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
პოლიციის ოფიცერ რან გვილის ნეშტის იდენტიფიცირებამდე ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ სამხედროები ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე სასაფლაოზე მასშტაბურ ოპერაციას ატარებდნენ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ერთ-ერთ მთავარ პირობად ყველა მძევლის დაბრუნება იყო. რან გვილის ოჯახი ისრაელის მთავრობას მოუწოდებდა, მეორე ეტაპზე არ გადასულიყო მანამ, სანამ მის ნეშტს არ დააბრუნებდნენ.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის ყველა პირობას.
შეთანხმების მომდევნო ეტაპი უფრო რთულ საკითხებს მოიცავს, მათ შორის ღაზაში ახალი მმართველობის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და „ჰამასის” განიარაღებას. როგორც ცნობილია, „ჰამასი“ ტერიტორიას თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში აკონტროლებდა.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას, რომელმაც საბოლოო ჯამში ომი გამოიწვია, დაახლოებით 1,200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.
ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რან გვილის ნეშტის გადმოსვენებამდე ისრაელში 20 ცოცხალი მძევალი და 27 გარდაცვლილის ნეშტი დააბრუნეს.
ისრაელმაც ღაზის ასობით პალესტინელის ცხედარი გადასცა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელიც „ჰამასის“ მიერ მართულ ადმინისტრაციას ექვემდებარება, აცხადებს, რომ 2023 წლიდან ისრაელის სამხედრო ოპერაციებს 71,400-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე ცეცხლის შეწყვეტის ბოლო ეტაპის დაწყების შემდეგ ღაზაში დაიღუპა 470-ზე მეტი ადამიანი.
ცეცხლის შეწყვეტის 20-პუნქტიანი გეგმის შემდეგი ეტაპი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალის შექმნას, ტექნოკრატიული პალესტინური მთავრობის ფორმირებასა და „ჰამასის” განიარაღებას ითვალისწინებს.

