მთავარიგადაცემებიMade in Europeლაბორატორიაში მიღებული ცილა მსოფლიოში შიმშილის პრობლემის გადაჭრას ემსახურება

ლაბორატორიაში მიღებული ცილა მსოფლიოში შიმშილის პრობლემის გადაჭრას ემსახურება

ევროპული კვების ტექნოლოგია გლობალური ლიდერია. საინტერესოა, რამ განაპირობა ასეთი წარმატება? ამ კითხვაზე პასუხი რომ გაეცა, ევრონიუსი აღმოსავლეთ გერმანიაში –   ქალაქ ლაიფციგში ჩავიდა, რომელიც ბიოტექნოლოგიების  ცენტრია.

შოტლანდიელი  ზაკ ოსტინი კომპანია Pacifico Biolabs-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.  მისი ინტერნაციონალური გუნდი მსოფლიოში შიმშილის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს. ამისთვის ეს გუნდი ავითარებს ახალ ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობითაც სოკოსგან ხორცის შემცვლელი ნივთიერების მიღება შეიძლება.

ლაიფციგის ე.წ. ბიოქალაქში გვერდიგვერდ შეთანხმებულად მუშაობენ რეგიონული, ეროვნული და ევროპული საფინანსო ინსტრუმენტები. ამ ქალაქში ასობით დამწყები კომპანია მუშაობს, რათა სამომავლოდ ევროპა ტექნოლოგიების ბაზრის ლიდერად იქცეს.

„ჩვენ ლაიფციგის ბიოქალაქში ვიმყოფებით, ეს შესანიშნავი ადგილია, სადაც ბიოსტარტაპების, კომპანიების, კვლევითი ინსტიტუტების კლასტერია შექმნილი და სადაც არაჩვეულებრივი საზოგადოებაა, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ მისი ნაწილი ვართ“, – ამბობს ზაკ ოსტინი.

Pacifico Biolabs-ის ლაბორატორიაში ყველაფრის გადაღების ნება არ მოგვცეს, რადგან აქ მანქანა-დანადგარებისა და საწარმოო პროცესების დიდი ნაწილი იმ კარგად დაცული ბიზნესის საიდუმლოს წარმოადგენს, რომელსაც „დამზადებულია ევროპაში“ ჰქვია.

კომპანიის თანადამფუძნებელი ვაშინგტონ ვინტიმილა Pacifico-ს ბიოქიმიური გენია და გამომგონებელია. „ჩვენს კვების მკვლევარ მეცნიერებთან ერთად რევოლუციური მიღწევა გვაქვს, რადგან მიცელიუმის ბოჭკოებისგან ქათმის მკერდი მივიღეთ. ეს ფენომენალურია. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ მართლაც რაღაცას ვემსახურებით,“ – განმარტავს ვაშინგტონი.

ამ გუნდმა სოკოს ცილისგან ვეგანური სოსისების, სტეიკებისა და ძეხვის ახალი მეთოდი აღმოაჩინა. ეს ფორმულა საიდუმლოა.

„ისეთი ტექსტურა უნდა მივიღოთ, რომელიც რამდენადაც შეიძლება ნამდვილი ხორცის მსგავსი იქნება, რადგან სწორედ ეს არის ყველაფრის გასაღები“, – ამბობს ვინტიმილია.

კვების ესპანელი ტექნოლოგი პო ოლერ არმენგოლი განმარტავს, რომ „მიცელიუმისგან შესაძლებელია  დამზადდეს თევზი, თევზის ფილე, ღორის ხორცი, ღორის სოსისი თუ ქათმის ხორცი“.

ნამდვილი წიწილა რომ ქათმად იქცეს 60 დღეა საჭირო. Pacifico-ს კი იმავე რაოდენობის პროტეინის წარმოება ერთ დღეში შეუძლია. მოსახლეობა იზრდება და ცილოვანი საკვები აღარ ჰყოფნის. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე შიმშილობენ. მსოფლიოში ცილაზე მოთხოვნა იზრდება.

„მეცნიერება სავსებით მკაფიო სურათს გვაჩვენებს. თუ გადავხედავთ, რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მარცვლეულის მოსავალზე, ვნახავთ, რომ მსოფლიოში მთლიანი მოსავალი 30-40%-ით შემცირდა. ვეღარ შევძლებთ კაცობრიობას საკმარისი საკვები მივაწოდოთ. სურსათის წარმოების ისეთი მეთოდები გვჭირდება, რომელიც არ არის დამოკიდებული მიწაზე და კლიმატზე და ცილას თავად აწარმოებს“, – ამბობს ვაშინგტონ ვინტიმილა.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend