8 თებერვალს იაპონიის მოსახლეობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყვეტს, ვის მიანდობს ქვეყნის მართვის სადავეებს.
23 იანვარს იაპონიის აწ უკვე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სანაე ტაკაიჩიმ პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა, ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, რასაც 4 დღეში წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება მოჰყვება.
ვადამდელი კენჭისყრა ჩატარდება იმ ფონზე, როდესაც სანაე ტაკაჩის რეიტინგი 70%-ს აღწევს, თუმცა მის მიმართ კეთილგანწყობილ მოქალაქეთა რაოდენობის ზრდის ფონზე, იაპონიაში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მზარდია მოსახლეობის უკმაყოფილების მაჩვენებელი სასურსათო თუ მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით.
გეოპოლიტიკური ძვრებისა და ჩინეთსა თუ ჩრდილოეთ კორეასთან პერიოდული დაძაბულობის ფონზე, იაპონია აპირებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებას ეკონომიკური პრიორიტეტების გადალაგება უწევს.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნიდან მოსახლეობის გაქცევის თავიდან ასაცილებლად. იაპონიის მომავალი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. 2025 წელს მინისტრთა კაბინეტს მოუწია ხისტი ნაბიჯების გადადგმა, რამაც უზრუნველყო საწვავის ფასის შემცირება, ჩვენ დავაწესეთ სუბსიდიები ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე, შემოვიღეთ ბავშვთა სოციალური დახმარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ კვლავ ღრმა კრიზისში ვიმყოფებით, რამაც, შესაძლოა, მიგვიყვანოს იქამდე, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება იქნება მიუწვდომელი, რომ მოხუცებს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არ ექნებათ წვდომა მათთვის საჭირო სერვისებზე…“ – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სანაე ტაკაიჩიმ.

მისივე თქმით, მისი კაბინეტი „საფუძვლიანად უზრუნველყოფს უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებას“:
„დავაჩქარებთ სამი სტრატეგიული დოკუმენტის გადახედვას – ეროვნული უსაფრთხოებისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიებს, ასევე ეროვნული თავდაცვის გაძლიერების გეგმას. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამოცდილების გათვალისწინებით, ქვეყნები ცდილობენ, მოემზადონ ხანგრძლივი საომარი მოქმედებებისთვის, მათ შორის ბრძოლის ახალი მეთოდების დანერგვით, რაც მოიცავს უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივ გამოყენებას. ამიტომ, ამ სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტების გადახედვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
მშვიდობისა და იაპონიის დამოუკიდებლობის, ასევე მისი მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად, ჩვენ გავატარებთ თავდაცვის ნამდვილ, მდგრად პოლიტიკას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის ჩვენი დაზვერვითი შესაძლებლობების გაძლიერება, რაც მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება. დაზვერვითი შესაძლებლობების გაძლიერების გარეშე, რაც მოიცავს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებას, გაანალიზებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, ჩვენი დიპლომატიური, თავდაცვითი, ეკონომიკური, თავდაცვითი თუ ტექნოლოგიური ძალები არ იქნება საკმარისი“, – თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სანაე ტაკაიჩიმ.
იაპონური მედიის თანახმად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და, მითუმეტეს, მასში გამარჯვება, სანაე ტაკაიჩის საშუალებას მისცემს, მეტი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მიიღოს, რათა ქვეყნის მმართველ ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიაზე გავლენა გააძლიეროს და კოალიციის მყარი უმრავლესობა მოიპოვოს.
იაპონიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე 2025 წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს.
პარლამენტის მიერ მთავრობის დაშლა, პრემიერ-მინისტრის ან ხელისუფლების სრული შემადგენლობის გადადგომა იაპონიისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, არც ისე იშვიათ მოვლენად იქცა.
2024 წლის 1-ელ ოქტომბერს ქვეყნის მართვის სადავეები დატოვა ფუმიო კიშიდას მინისტრთა კაბინეტმა და იმავე თვის ბოლოს იაპონიაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე შიგერუ იშიბა აირჩიეს, რომელიც 11 თვეში ასევე გადადგა მას შემდეგ, რაც 2025 წლის ივლისის საპარლამენტო არჩევნებში ისტორიული მარცხის გამო მისივე პარტიის შიგნით პასუხისმგებლობის აღებისკენ მოწოდებები გაძლიერდა.
პოლიტიკური თანამდებობის გარდა მაშინ მას პარტიული თანამდებობის დატოვებაც მოუწია.

