„მხოლოდ ყინულის დიდ, ლამაზ ნაჭერს ვითხოვ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდან.
1 საათისა და 13 წუთის ხანგრძლივობის სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ მიუბრუნდა გრენლანდიის საკითხს, რომელმაც ვაშინგტონსა და ევროპას შორის, პოლიტიკური დაძაბულობის გარდა, გარკვეული სამხედრო საფრთხეებიც გააჩინა.
დონალდ ტრამპის მტკიცებით, მსოფლიოს უდიდესი ყინულოვანი კუნძულის დასაკავებლად ძალას არ გამოიყენებს და მზად არის „დაუყოვნებლივი მოლაპარაკებებისთვის“ – ეს კი იმ ფონზე, როდესაც დავოსში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვაზე, რისთვის არის მზად გრენლანდიის დასაუფლებლად, მეტი ბუნდოვანებით უპასუხა ფრაზით – „ამას გაიგებთ“.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი მოკავშირეები და არა დასუსტებული. გვინდა, რომ ევროპა იყოს ძლიერი. საერთო ჯამში, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და, მიმდინარე საკითხებს შორის არც ერთი არ არის ისეთი აშკარა, როგორც გრენლანდიის.
გსურთ რამდენიმე სიტყვით ვისაუბრო გრენლანდიაზე? ვაპირებდი, საერთოდ არ მეხსენებინა ის ჩემს გამოსვლაში, თუმცა, ვიფიქრე, რომ ეს უარყოფითად იქნებოდა აღქმული. გრენლანდიისა და დანიის ხალხებისადმი დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი, თუმცა ნატოს თითოეული მოკავშირე ვალდებულია, დაიცვას საკუთარი ტერიტორია.
საქმე ისაა, რომ აშშ-ის გარდა, არც ერთ ქვეყანასა თუ სახელმწიფოთა ჯგუფს არ შეუძლია გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ზესახელმწიფო ვართ. ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ეს სხვებს ჰგონიათ. ამის შესახებ ორი კვირის წინ, ვენესუელაში გავიგე…“
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომში გარდამტეხი ეტაპის საკუთარი ინტერპრეტაციის შესახებ ისაუბრა და არაერთხელ გამოხატა სინანული გრენლანდიის დანიისთვის დაბრუნების გამო:
„ეს ყველაფერი ვიხილეთ მეორე მსოფლიო ომში, როდესაც დანია 6-საათიანი ბრძოლის შემდეგ ჩაბარდა გერმანიას და ვერც საკუთარი თავის დაცვა შეძლო და ვერც გრენლანდიის. ამიტომ ჩვენ იძულებულები ვიყავით, ჩვენი ძალები გაგვეგზავნა გრენლანდიის ტერიტორიის შესანარჩუნებლად. ჩვენ ეს შევძელით, თუმცა დიდი დანახარჯების ფასად. მცდელობების მიუხედავად, მათ არ დავუტოვეთ გრენლანდიის დაპყრობის არც ერთი შანსი. დანიამ ეს იცის. ჩვენ შევქმენით ბაზები გრენლანდიაში დანიისთვის.
ჩვენ ვიბრძოდით დანიისთვის, რათა ის შენარჩუნებულიყო მისთვის, ყინულის დიდი, ლამაზი ნაჭერი. რთულია, მას მიწა უწოდო, რადგან ეს ყინულის უზარმაზარი ნაჭერია. ჩვენ გადავარჩინეთ გრენლანდია და წარმატებულად აღვკვეთეთ ჩვენს ნახევარსფეროში ჩვენი მტრების დამკვიდრება.
ჩვენ გარეშე ახლა ყველანი ვისაუბრებდით გერმანულად და, შესაძლოა, ცოტა იაპონურადაც კი. ომის შემდეგ ჩვენ დავუბრუნეთ გრენლანდია დანიას. რა სულელური ნაბიჯი იყო ეს ჩვენი მხრიდან, თუმცა მაინც გავაკეთეთ…
ალბათ ვერაფერს მივაღწევთ, ვიდრე მე არ გადავწყვეტ ძალის გამოყენებას. მაშინ, სიმართლე გითხრათ, ვერაფერი შეგვაჩერებს, თუმცა ამას არ ვიზამ. შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რადგან ხალხს ეგონა, რომ მე ძალას გამოვიყენებდი. მე ეს არ მჭირდება. არ მინდა და არ გამოვიყენებ ძალას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
კოპენჰაგენისთვის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება მორიგ ჯერზე არის იმის დასტური, რომ გრენლანდიის საკითხზე ვაშინგტონი არ აპირებს რაიმეს შეცვლას ან გადახედვას.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ დავოსში წარმოთქმული სიტყვები დიდად არ განსხვავდება ვაშინგტონში მანამდე ნათქვამისგან, თუმცა, როგორც ამბობს, სხვაობა შესამჩნევია მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის საკითხზე.
„პრეზიდენტის განცხადებები სამხედრო ძალის შესახებ, ცხადია, დადებითი მომენტია, თუმცა ეს არ აგვარებს პრობლემას და სწორედ ამიტომ ჩვენ სრულად ვინარჩუნებთ ჩვენს ერთგულებას ამ საკითხში ყველა ჩვენი მეგობრის, მოკავშირის და მათ მიმართ, ვისაც სურს თქვას, რომ 2026 წელს ჩვენ არ ვივაჭრებთ ადამიანებით.
ადამიანებს შორის ვაჭრობა შეიძლება, მაგრამ ადამიანებით – დაუშვებელია და, რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ მივყვებით ამ პრინციპს. ეს არის ის დიპლომატიური ხაზი, რომელზეც ჩვენ გასულ კვირას, ამერიკაში ვიზიტის დროს შევთანხმდით.
თავისთავად ცხადია, რომ პრეზიდენტის ამბიცია არის უცვლელი. პრობლემა გადაუჭრელია, რადგან მათ ძალიან, ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ იჯარას დაუფლება ჯობია და დანია ვერ შეძლებს გრენლანდიაზე ზრუნვას. ამიტომ პრობლემა რჩება – ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც არ შეესაბამება ჩვენთან არსებულ ინსტიტუტებს. გრენლანდია არის ნატოს წევრი. დანია არის ნატოს წევრი“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა.
გრენლანდიისა და, ზოგადად, არქტიკის რეგიონის ჩინური თუ რუსული გავლენებისგან დასაცავად, დასავლელ პარტნიორებს შორის ერთობლივი მუშაობის მომხრეა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეც.
დანიის მფლობელობაში არსებული კუნძულის შესახებ დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.
გრენლანდიის დაუფლების საკითხი არ წამოჭრილა მასსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზეც, თუმცა, ნატოს გენმდივნის თქმით, საუბრისას მიღწეულია გარკვეული წინსვლა.
მოგვიანებით, ეს აშშ-ის პრეზიდენტმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ „არქტიკის შესახებ მომავალი შეთანხმების ჩარჩოს ჩამოყალიბებამ“ მისი გადაწყვეტილება შეცვალა და 8 ევროპული ქვეყნისთვის 1-ელი თებერვლიდან დასაწესებელ ტარიფებს აუქმებს.
„მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ უზარმაზარი არქტიკული რეგიონის დასაცავად, სადაც ახლა დიდი ძვრებია, სადაც ჩინელები და რუსები უფრო და უფრო მეტად აქტიურობენ. სწორედ ამას შეეხო ჩვენი საუბარი.
ვფიქრობ, დღევანდელი საღამო წარმატებული იყო და ჩვენ გვაქვს კარგი შეთანხმება, ამ საკითხებზე მუშაობის დასაწყებად. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორივე ვთანხმდებით და შევხედავთ, რისი გაკეთება შეუძლია ნატოს ერთობლივად, გრენლანდიის ჩათვლით, მთლიანი არქტიკული რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ბევრი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს მსოფლიოსა და ნატოსთვის ამ მნიშვნელოვანი ტერიტორიის დასაცავად როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა თუ ჰაერში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
გრენლანდიის საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრის მომხრეა გაერთიანებული სამეფოც, რომლის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილმა განაცხადა, რომ მოკავშირეებს შორის საჭიროა დიალოგი და არა ძალის დემონსტრირება.
ეს სიტყვები ლოგიკურად მიაჩნიათ სხვა ევროპელ პოლიტიკოსებსაც, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გეოპოლიტიკური ვითარება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთულია.
მიუხედავად დონალდ ტრამპის განცხადებისა, რომ მას ძლიერი ევროპის ხილვა სურს, დავოსის ფორუმის ტრიბუნიდან მას არ დაეთანხმა საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონის შეფასებით, აშშ-ს „ევროპის დასუსტება სურს“, რისთვისაც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „არ აღიარონ ძლიერის კანონი“ და დაუბრუნდნენ დიალოგს.
და ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გრძელდება მსჯელობა, ვინ დაეუფლება გრენლანდიას, პლანეტის ყველაზე დიდი ყინულოვანი კუნძულის გაურკვევლობასა და მოსალოდნელი საფრთხის მოლოდინში მყოფი მოსახლეობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მომარაგებაზე ზრუნავს.

