სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინ ასობით ფერმერი შეიკრიბა. ისინი ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკ „მერკოსურს“ შორის შესაძლო შეთანხმების მიღწევას აპროტესტებდნენ. მათ არ სურთ ამ შეთანხმების გაფორმება. აქციას შეუერთდნენ ფრანგი ფერმერები და დელეგაციები რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან, მათ შორის პოლონეთიდან, იტალიიდან და ბელგიიდან.
ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ხუთ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები თითქმის 25 წელია, გრძელდება. „მერკოსურის“ შეთანხმება მიზნად ისახავს ტარიფების შემცირებასა და ორ რეგიონს შორის ვაჭრობის განვითარებას. „მერკოსურის“ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში თითქმის ყველა სახის საქონელზე იგეგმება ტარიფების გაუქმება. მხარდამჭერთა თქმით, ხელშეკრულება იქნება ევროპის პასუხი პეკინის საექსპორტო კონტროლსა და ვაშინგტონის სატარიფო პოლიტიკაზე. კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ამ შეთანხმებით ევროპაში სამხრეთ ამერიკიდან იაფი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შევა, რითაც ადგილობრივი წარმოება დაზარალდება.
„სხვა ქვეყნები თავიანთ ნაწარმს უფრთხილდებიან და ქვეყანაში შეაქვთ ის, რასაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ვერ აწარმოებენ. ევროპა პირიქით იქცევა, შემოაქვს ის, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომ ფასები დაწიოს. თუმცა ეს ფერმერებს დიდ ზარალს აყენებს. ეს ყველაფერი რისთვისაა სასარგებლო? იმ ავტომობილების ექსპორტისთვის, რომლებიც მუშაობენ საწვავზე, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა არ არის? ევროპული კომპანიები ქიმიკატებს გაიტანენ სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი კი ჩვენთან შემოიტანენ იმ ქიმიკატებით წარმოებულ საკვებ პროდუქტს, რომლის გამოყენებაც ჩვენთან აკრძალულია“, – ამბობს ფერმერი ალექსის ჰაჩე.
„მერკოსურის“ შეთანხმებას ხელი შაბათს, 17 იანვარს, პარაგვაიში მოეწერა, თუმცა მის საბოლოოდ დასამტკიცებლად საჭიროა ევროპარლამენტის თანხმობა და „მერკოსურის“ წევრი ქვეყნების – არგენტინის, ბრაზილიის, პარაგვაისა და ურუგვაის საკანონმდებლო ორგანოების მიერ მისი აღიარება.
ამასთან, რამდენიმე ევროპელი პარლამენტარი ითხოვს, რომ ევროსასამართლომ იმსჯელოს სავაჭრო შეთანხმების კანონიერებაზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ის ევროკავშირის ხელშეკრულებებს შეესაბამება. ამ მოთხოვნას დღეს, 21 იანვარს, უნდა უყარონ კენჭი და თუ ის დამტკიცდება, შესაძლოა შეთანხმების ძალაში შესვლა გადაიდოს 18 თვემდე ვადით, სანამ ეს პროცესი საბოლოოდ არ დასრულდება.
ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთში, ბრიუსელსა და ევროპის სხვა ქალაქებში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, თუმცა მათ „მერკოსურის“ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ვერ შეაჩერეს.

