ირანის მასშტაბით ანტისამთავრობო დემონსტრაციების ჩახშობისას დაღუპულთა რიცხვი 4 000-ს აჭარბებს. აშშ-ში ბაზირებული უფლებადამცველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ შესაძლოა რიცხვი გაიზარდოს, თუ ინტერნეტბლოკადის ფონზე ქვეყნიდან დამატებითი ინფორმაცია გამოვა. თავად ირანის ხელისუფლებას გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე არ დაუსახელებია, თუმცა შაბათს, 17 იანვარს, ქვეყნის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პირველად აღიარა, რომ პროტესტს რამდენიმე ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ამაში მან ბრალი აშშ-ს დასდო.
სხვადასხვა სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში 26 000 ადამიანია დაკავებული. ირანის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულმა ბოლო განცხადებებმა კი გააჩინა შიში, რომ მათ ნაწილს შესაძლოა სიკვდილით დასჯა შეეხოს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რეჟიმთან საუბრისას მიიღო იმის გარანტია, რომ ასე არ მოხდება.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულ სტადიაშია. ეს მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი პროტესტის დაშლისას ირანის ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდები თეთრმა სახლმა წითელ ხაზად მიიჩნია და ირანს სამხედრო თუ პოლიტიკური პასუხით დაემუქრა. რა დევს ამ მხრივ ოვალურ კაბინეტში მაგიდაზე, ეს შეკითხვა დონალდ ტრამპმა გუშინ, 20 იანვარსაც, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზეც მიიღო.
„ირანში 837 ადამიანის სიკვდილით დასჯას გეგმავდნენ, ჩვენ მათ გავაგებინეთ, რომ თუ ასე მოხდებოდა, მათ ცხოვრებაში ძალიან ცუდი დღე დადგებოდა. გადაწყვიტეს, რომ ეს აღარ გაეკეთებინათ და ადამიანები აღარ ჩამოახრჩვეს. სავარაუდოდ მათ ეს ვარიანტი მაგიდიდან აიღეს. არის თუ არა სამხედრო პასუხი ჩვენს მაგიდაზე? მე ვერ გეტყვით, თუ რა მოხდება მომავალში, თუმცა ჩვენ დავაკვირდებით, რა მოხდება ირანში”, – აღნიშნა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
სამშაბათს, 20 იანვარს, თეირანმა დონალდ ტრამპს შეუთვალა, არ გადადგას რაიმე ნაბიჯი მოქმედი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ. ამას წინ უძღოდა „პოლიტიკოსთან” აშშ-ის პრეზიდენტის ინტერვიუ, რომელშიც მან აღნიშნა, რომ 40-წლიანი მმართველობის შემდეგ ხამენეის დასასრულისა და ახალი ხელისუფლების არჩევის დრო დადგა. მან ირანის სულიერ ლიდერს ავადმყოფი კაცი უწოდა, რომელმაც ქვეყანა სათანადოდ უნდა მართოს და ადამიანების მკვლელობა შეწყვიტოს.
„ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას დონალდ ტრამპის ცარიელ მუქარას. მან იცის, რომ თუ ჩვენს ლიდერზე ვინმე ხელს აღმართავს, ჩვენ არა მხოლოდ თამამად მოვკვეთთ ამ ხელს, არამედ მის სამყაროს ცეცხლში მოვაქცევთ და ეს უბრალო რიტორიკა არ გეგონოთ. ჩვენ მათ წავართმევთ ყველანაირი უსაფრთხოების განცდას, არ დავტოვებთ მათთვის ერთ უსაფრთხო ადგილსაც კი“, – ასეთი გზავნილი ჰქონდა ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერ აბოლფაზ შაკარჩის.
ირანში საპროტესტო აქციები ეროვნული ვალუტის რღვევას მოჰყვა და მოსახლეობის პოლიტიკურ მოთხოვნებში ითარგმნა. 28 დეკემბრის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა თეოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩასახშობად ირანის ხელისუფლებამ ძალადობას მიმართა, რის გამოც საერთაშორისო მასშტაბით მძიმე კრიტიკა დაიმსახურა. ირანელი ხალხის მხარდასაჭერად დემონსტრაციები მსოფლიოს არაერთ დედაქალაქში ჩატარდა.

