მთავარიევროპაუკრაინა„რუსეთი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე იერიშის გაგრძელებას გეგმავს” - ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე იერიშის გაგრძელებას გეგმავს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ქვეყნის ატომურ ელექტროსადგურებზე შეტევისთვის კვლავ ემზადება, რათა ყინვის ფონზე უკრაინის დამორჩილება სცადოს.

პრეზიდენტი აკრიტიკებს მოსკოვს უწყვეტი საჰაერო იერიშის გამო. მისი თქმით, კრემლს ომის დასრულება არ სურს, შესაბამისად, ის მიზანმიმართულად აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესებს. კიევის ინფორმაციით, გასულ ღამეს ქვეყანაზე 200-ზე მეტი დრონით მიიტანეს იერიში, სამიზნე იყო სუმის ოლქი, ხარკოვი, დნიპრო, ზაპოროჟიე, ხმელნიცკი, ოდესა და კიდევ არაერთი რეგიონი.  შედეგად მოკლულია 2 ადამიანი, დაჭრილია ათობით პირი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.

„სამწუხაროდ, ახალი შეტევა ყოველ ღამით ხორციელდება. რუსეთის უცვლელი სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული სექტორია. თითქმის უწყვეტად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ელექტროგადამცემი თუ გათბობის ქსელების აღდგენაზე დაახლოებით 58 000 ადამიანი მუშაობს. კიევის ოლქში მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა სრულად აწვდის ამერიკულ მხარეს ინფორმაციას იმაზე, რაც უკრაინაში ამ მიმართულებით ხდება.

თუ რუსეთს ომის დასრულება მართლაც სერიოზულად სურს, ის დიპლომატიაზე გააკეთებდა აქცენტს და არა სარაკეტო იერიშებზე, ელექტროენერგიის გათიშვაზე თუ ჩვენი ატომური ელექტროსადგურების დაზიანების მცდელობებზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებაც, რომლებიც რუსეთის დაზვერვამ  სამომავლო დარტყმის მოსამზადებლად შეისწავლა. ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ დიპლომატია რუსეთისთვის პრიორიტეტი არ არის. ეს უნდა ვაღიაროთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

რუსი ჯარისკაცები უკრაინელ სამხედროებს უტევენ, 13 იანვარი, 2026 წელი AP/Russian Defense Ministry Press Service

რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გახშირებული იერიში, კიევის მოსაზრებით, მხოლოდ უკრაინელი ხალხის  ტანჯვის გაძლიერებას ემსახურება ცივი ზამთრის პერიოდში. განმეორებითმა იერიშებმა ათასობით სახლი დატოვა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე.  მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინაზე 1300-ზე მეტი დრონით, 1000 მართვადი საჰაერო ბომბითა  და ორი ათეული რაკეტით მიიტანეს იერიში, მათ შორის გამოიყენეს ლეტალური ბალისტიკური ჭურვებიც.

უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს მოკავშირეებს, გაზარდონ ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერა, ასევე გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მას მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისვლა აიძულონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend