ირანის სასამართლო ხელისუფლება მიანიშნებს, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტის დროს დაკავებულებს სწრაფი სასამართლო პროცესები და სიკვდილით დასჯა ელით. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც უფლებადამცველი ორგანიზაციები დემონსტრაციებზე დაღუპულ 3 428 ადამიანის შესახებ იუწყებიან. ამ დროისთვის პროტესტზე დაკავებულთა რიცხვი 10 000-ს შეადგენს.
„თუ ადამიანმა ვინმე დაწვა, მოკვეთა მას თავი და ის ცეცხლში ჩააგდო, მაშინ ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. თუ ეს საქმე გაჭიანურდება, მაშინ შესაძლოა, რომ იმავე ნაბიჯების გადადგმა უკვე ორი თვის შემდეგ მოგვიხდეს და ამას იგივე ეფექტი ვერ ექნება. თუ ჩვენ დღესვე არ ვიმოქმედებთ, ორი-სამი თვის შემდეგ ჩვენი ნაბიჯები შედეგს ვეღარ გამოიღებს“, – აღნიშნა ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, გოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ.
ეს განცხადება ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გზავნილებს. მან ირანის ხელისუფლება არაერთგზის გააფრთხილა, რომ აშშ იმოქმედებს, თუ თეირანი პროტესტის მონაწილეების მკვლელობას განაგრძობს. ამაში კი პრეზიდენტმა ტრამპმა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ნაბიჯები იგულისხმა, როგორიც შესაძლოა ირანული ოპოზიციის მხარდაჭერა გახდეს. უკვე დღევანდელ გზავნილში აშშ-ის პრეზიდენტი ინფორმაციას ეყრდნობა.
„ჩვენ, ძალიან მნიშვნელოვანმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის ადამიანების მკვლელობა შეჩერდა და აღარ განმეორდება. დღეს რამდენიმე ადამიანის სიკვდილით დასჯა იყო დაგეგმილი და ეს აღარ მოხდება, რადგან თუ ასე მოხდა, ჩვენ ამას გავიგებთ. იმედია, რომ ეს სიმართლეა, თუმცა ვინ იცის? ისინი ამბობენ, რომ ადამიანები მათ ესროდნენ და ისინი მათ პასუხობდნენ. მაგრამ მითხრეს, რომ სიკვდილით დასჯა არ იქნება და იმედია, ეს სიმართლეა. რაც შეეხება სამხედრო პასუხს, ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს და ვნახავთ, თუ რა ხდება, თუმცა ამჟამად კარგი გზავნილები მივიღეთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს სიმართლეა“, – ასე უპასუხა ოვალურ კაბინეტში დასმულ შეკითხვებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
პარალელურად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ირანი მზად იქნება გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას. ირანის ხელისუფლება მანამდეც აღნიშნავდა, რომ თეირანისთვის აშშ-ის სამხედრო ბაზები და ისრაელი ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან, თუ დონალდ ტრამპი მართლაც წავა უკიდურეს ნაბიჯზე. არეულობის უკან აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმი სწორედ აშშ-ისა და ისრაელის კვალს ხედავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო გზავნილი Fox News-ის ეთერში პირადად დონალდ ტრამპს მიემართებოდა.
„ჩემი გზავნილია, არ გაიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც ივნისში დაუშვით. თქვენ იცით, რომ თუ ამ წარუმატებელ ექსპერიმენტს გაიმეორებთ, შედეგს ზუსტად იმავეს მიიღებთ. ამასთან, ირანმა დაადასტურა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, დიპლომატიისთვის. ეს ჩვენ ბოლო 20 წელში არაერთხელ დავამტკიცეთ, იქნება ეს 2015 წელი თუ 2025. ეს აშშ იყო, რომელიც დიპლომატიას თავს მუდამ არიდებდა და ამჯობინებდა ომს. ჩემი გზავნილია, რომ ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანში, დიპლომატია უკეთესი გზაა. ამ მხრივ აშშ-სგან პოზიტიური გამოცდილება მართალია არ გვაქვს, თუმცა დიპლომატია ჯობია. ყველაფერი აშშ-ის პრეზიდენტზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა ამერიკულ ტელევიზიასთან ირანის პირველმა დიპლომატმა, აბას არაღჩიმ.
დღეს, 15 იანვარს, ირანის საჰაერო სივრცე 5 საათით დაიხურა, დილით მიღებული ამ გადაწყვეტილების მიზეზი ხელისუფლებას არ განუმარტავს. ამჟამად ფრენები აღდგენილია. დროებით დახურა საელჩო თეირანში დიდმა ბრიტანეთმა და თანამშრომლების ევაკუაციაც მოახდინა. ამის ფონზე დემონსტრაციებზე საზღვრებს გარედან დაკვირვება დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან ინტერნეტი ქვეყანაში გამორთულია. ირანელი აქტივისტები ამბობენ, რომ სტარლინკის სატელიტური ინტერნეტი მათ უფასოდ ემსახურება, რაც ამჟამად ირანელებისთვის ერთადერთ საკვანძო წყაროდ რჩება გარესამყაროსთვის ხმის მისაწვდენად.
ირანში ეტაპობრივად მიმდინარეობს დემონსტრაციებზე დაღუპული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების მასობრივი დაკრძალა. ამ მხრივ გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია, სხვადასხვა ინფორმაციით, ის 100-ს აღემატება. პროცესი სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით შუქდება. სამგლოვიარო ცერემონიაზე შეკრებილების ნაწილს ხელში აიათოლა ალი ხამენეის ფოტოსურათები ეჭირათ ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე, 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციები ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ირანული თეოკრატიისთვის, რომელიც 1979 წლიდან ქვეყნის სათავეშია.

