მთავარიევროპაბულგარეთიბულგარეთში დემონსტრანტები არჩევნების ელექტრონულად ჩატარებას ითხოვენ

ბულგარეთში დემონსტრანტები არჩევნების ელექტრონულად ჩატარებას ითხოვენ

ბულგარეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ცივი ამინდის მიუხედავად, დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ბულგარელი გამოვიდა. დემონსტრანტები სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, არჩევნები თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს, რათა დაცული იყოს ამომრჩეველთა ხმა მანიპულაციებისგან, მოსყიდვისა და  გაყალბებისგან.

დემონსტრანტები ამბობენ, რომ მთავრობას არჩევნების ელექტრონულად ჩატარება არ სურს, რადგან ამ შემთხვევაში საარჩევნო პროცესზე  ნაკლები კონტროლი ექნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემის შესაძლებლობა ელექტრონულად მოგვეცეს, რადგან მანიპულაცია ნაკლებადაა შესაძლებელი. ეს ასევე ამცირებს დასაშვები  შეცდომების რაოდენობას. დამკვირვებლებისა და მოქალაქეების ჩართულობით  შემცირდება დარღვევების შემთხვევებიც საარჩევნო უბნების გარეთ“, – ამბობს აქციის მონაწილე, მარია სტანიმიროვა-ჰაზდაი.

აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, იორდან კოსტადინოვს, მიაჩნია სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის უმარტივესი გზა ელექტრონული სისტემაა.

„მის გარეშე პროცესს დასჭირდება მინიმუმ 12 000 დამკვირვებელი, უფრო სანდო საოლქო საარჩევნო კომისიები და გაცილებით მეტი ადამიანი, რათა თავიდან აიცილონ მოსყიდვა, მანიპულირება ან გაყალბება“, – ამბობს იორდან კოსტადინოვი.

სოფიაში მიმდინარე საპროტესტო აქციები გასულ თვეს გამართული აქციების გაგრძელებაა. მასშტაბური საპროტესტო აქციები მმართველი კოალიციის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ახალ გეგმას მოჰყვა. დემონსტრანტების თქმით, ეს გეგმა ბულგარეთში, სადაც სიღარიბისა და მაღალი ფასების პრობლემა ისედაც არსებობს, ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევდა.

საპროტესტო აქციების გამო ბულგარეთის მთავრობამ ბიუჯეტის ეს გეგმა უკან გაიწვია, თუმცა, ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციები მაინც გაგრძელდა. შედეგად კი ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის გადადგომას. ახლა კი აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სამართლიანი ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით პრეზიდენტმა რუმენ რადევმა პარლამენტში ორ ყველაზე დიდ პარტიას ახალი მთავრობის ჩამოყალიბება შესთავაზა, თუმცა პარტიებმა ეს ვერ შეძლეს. ახლა პრეზიდენტი ახალ კანდიდატს წარადგენს და თუ ამანაც ვერ გაამართლა, მაშინ არჩევნების ჩატარებამდე პრეზიდენტი დროებით კაბინეტს შექმნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend