მთავარიამერიკააშშვაშინგტონში გამართულმა შეხვედრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკული პოზიცია ვერ შეცვალა

ვაშინგტონში გამართულმა შეხვედრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკული პოზიცია ვერ შეცვალა

დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან უშედეგოდ დასრულდა – ამ შეხვედრით დონალდ ტრამპის გაცხადებული ამბიციით გამოწვეული მზარდი დაძაბულობა მოკავშირე ქვეყნებს შორის ვერ განიმუხტა.

ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ გრენლანდიის დაუფლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მოლაპარაკებებმა ტრამპის ადმინისტრაცია ვერ დაარწმუნა, უარი ეთქვა რიტორიკაზე, რომელიც დანიისთვის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, „სრულიად მიუღებელია“.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლქვეშ უნდა მოექცეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამისთვის შტატებს სამხედრო ძალის გამოყენება დასჭირდება.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლიოკე რასმუსენი, გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვივიან მოტცფელდტი და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის ოფიციალური პირები – ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრებოდნენ.

„ჩვენ ვერ შევძელით ამერიკული პოზიციის შეცვლა. ცხადია, რომ პრეზიდენტს გრენლანდიის დაპყრობის სურვილი აქვს“, – განაცხადა ლარს ლიოკე რასმუსენმა შეხვედრის შემდეგ. მანვე თქვა, რომ დიალოგის ტონი გულწრფელი და კონსტრუქციული იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, მხარეებს შორის „ფუნდამენტური უთანხმოება“ რჩება.

„ჩვენი მიზანი საერთო გზის პოვნა იყო არქტიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კიდევ რისი გაკეთება შეუძლია დანიის სამეფოს, შეერთებულ შტატებსა და ნატოს? დანიის სამეფომ უკვე გაზარდა საკუთარი წვლილი – ჩვენ  დამატებითი დაფინანსება გამოვყავით სამხედრო შესაძლებლობებისთვის: არა მარხილში შებმული ძაღლებისთვის, არამედ ხომალდებისთვის, დრონებისთვის, გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის და ა.შ. ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ.

შეერთებულ შტატებს უკვე ფართო სამხედრო წვდომა აქვს გრენლანდიაზე. 1951 წლის თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში შტატებს ყოველთვის შეუძლია, მოითხოვოს გრენლანდიაში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის გაზრდა. ამიტომ გვინდოდა გაგვეგო, აქვს თუ არა აშშ-ს ამ თვალსაზრისით დამატებითი მოთხოვნები. ნებისმიერ ასეთ მოთხოვნას კონსტრუქციულად განვიხილავთ.

გრენლანდია დანიის სამეფოს მეშვეობით ნატოს წევრია და ეს ასეა 1949 წლიდან – ნატოს დაარსების დღიდან. შესაბამისად, მასზე  ნატოს მეხუთე მუხლიც ვრცელდება. უკვე დიდი ხანია, ალიანსის ფარგლებში რამდენიმე მოკავშირესთან ერთად გრენლანდიაში კოლექტიური როლის გაძლიერებას ვცდილობთ. დიდი სურვილი გვაქვს, ამ დღის წესრიგის წინ წაწევაზე შეერთებულ შტატებთან ერთად ვიმუშაოთ და მზად ვართ, კიდევ უფრო შორს წავიდეთ.

ამიტომ ჩვენი მიზანი ყველა ამ საკითხზე საერთო აღქმამდე მისვლა და თუ შესაძლებელი იქნებოდა, მათი განხორციელებისთვის შემდგომი, სიღრმისეული სამუშაოს დაწყება იყო“, – განაცხადა ლარს ლიოკე რასმუსენმა.

„ვარიანტების გამორიცხვას არ ვაპირებ“, – ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, არის თუ არა მზად ნატოს დასატოვებლადაც კი, რათა გრენლანდიასთან დაკავშირებით მიზანს მიაღწიოს.

„არ გეტყვით, რისი გაკეთებისთვის ვარ მზად. არ ვაპირებ ჩემი ვარიანტების გამორიცხვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გრენლანდია უკიდურესად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. დანიის უსაფრთხოებისთვისაც.

პრობლემა ისაა, რომ თუ რუსეთი ან ჩინეთი გადაწყვეტენ გრენლანდიის დაკავებას – ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც დანიას რამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ კი შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ. ეს თქვენ გასულ კვირას ვენესუელაში ნახეთ.

მე ვერ დავეყრდნობი იმას, რომ დანია საკუთარი თავის დაცვას შეძლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დანიელი ლიდერები შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვან დადებით შედეგად გრენლანდიის, დანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების შეთანხმებას წარმოაჩენენ მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, მხარეები გამოიკვლევენ, შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტ ტრამპის შეხედულების გათვალისწინება დანიის სამეფოს მიერ დაწესებული „წითელი ხაზების“ პატივისცემის პირობებში.

დანიის ხელისუფლებამ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება. გრენლანდიის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას რომ შტატებთან შეერთება არ სურს, ამას გამოკითხვებიც აჩვენებს.

მზარდი არასტაბილურობის ფონზე 14 იანვარს დანიამ და შვედეთმა გრენლანდიაში სამხედროების განლაგებისა და სამხედრო წვრთნების შესახებ გამოაცხადეს. არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთობლივ სამხედრო მისიაში მონაწილეობას საფრანგეთი და გერმანიაც აპირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend