ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი აცხადებს, რომ გაგრძელდება იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის პერიოდში დააკავეს.
ეს განცხადება მან გააკეთა პირველ პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა მას შემდეგ, რაც მადურო აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად თანამდებობიდან გადააყენეს.
პრეზიდენტის სასახლეში ჟურნალისტებთან საუბრისას როდრიგესმა შემრიგებლური ტონი აირჩია და აღნიშნა, რომ ვენესუელის ხელისუფლება „ახალ პოლიტიკურ რეალობაში“ შედის.

მისი თქმით, ასობით დაკავებულის გათავისუფლების პროცესი, რომელიც, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციის დავალებით დაიწყო, „ჯერ არ დასრულებულა“.
„ეს არის შესაძლებლობა ვენესუელისთვის და ვენესუელელი ხალხისთვის, იხილონ ახალი ეტაპი, სადაც თანაარსებობა და ურთიერთაღიარება ახალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად მან აღნიშნა, რომ პატიმრების გათავისუფლების პროცესის დაწყება თავად ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილება იყო – ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ხელისუფლება წარსულს სრულად არ ემიჯნება.
დელსი როდრიგესი 2018 წლიდან იკავებს ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, ხელმძღვანელობს ქვეყნის სადაზვერვო სტრუქტურებსა და აკონტროლებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნავთობის ინდუსტრიას.
56 წლის იურისტმა და პოლიტიკოსმა დროებითი პრეზიდენტის ფიცი მას შემდეგ დადო, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ნიკოლას მადურო გაიტაცა და განაცხადა, რომ ვენესუელაში პროცესებზე კონტროლს შეერთებული შტატები აიღებდა.
წყაროების თანახმად, დონალდ ტრამპი როდრიგესს თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად დაემუქრა, რომ „გაიზიარებდა მადუროს ბედს“, ან შესაძლოა უარესიც დამართოდა.
მიუხედავად ამისა, რამდენად მყარია როდრიგესის პოზიცია, ამ ეტაპზე უცნობია. დონალდ ტრამპი ხუთშაბათს, 15 იანვარს, გეგმავს შეხვედრას ვენესუელის ოპოზიციის ლიდერთან, მარია კორინა მაჩადოსთან, რომელსაც მან თავდაპირველად მმართველობის უნარის ნაკლებობა დასწამა.
მარია კორინა მაჩადო, რომელმაც გასულ წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო, ვენესუელაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურად ითვლება.
სწორედ იგი შეეცდება დონალდ ტრამპს, დაანახოს ვენესუელაში გარდამავალი პროცესის დემოკრატიული პერსპექტივები.

