პოლიტიკოსი ქალები ოპოზიციიდან სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ თამარ მეარაყიშვილს – ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს. მათ განცხადებას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს მისი უკანონო პატიმრობიდან გამოსახსნელად – უნდა მიმართავდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე დასავლელ თანათავმჯდომარეებს და იყენებდეს სხვა საერთაშორისო მექანიზმებს. განცხადების ხელმომწერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნაცვლად ამისა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თამარ მეარაყიშვილის გასათავისუფლებლად. პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაავრცელონ საჯარო ინფორმაცია დაკავებული აქტივისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.
„ქალი პოლიტიკოსები მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ოკუპირებულ ცხინვალში აბსურდული ბრალით უკანონოდ დაკავებულ უფლებადამცველ თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
თამარ მეარაყიშვილი 23 დეკემბრიდან შიმშილობს, გუშინ, 29 დეკემბერს კი, მან წყლის მიღებაც შეწყვიტა და „მშრალ შიმშილობაზე“ გადავიდა. ადვოკატის ცნობით, ამ დროის განმავლობაში მან 10 კილოგრამი დაიკლო. აქტივისტს „ჯაშუშობას“ ედავებიან. მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


